თბილისი კალათბურთში ევროპის ახალგაზრდული ლიგის (EYBL) ოთხთა ფინალს უმასპინძლებს

თბილისი, კალათბურთში  ევროპის ახალგაზრდული ლიგის (EYBL) ოთხთა ფინალს უმასპინძლებს.

28-29 აპრილს თბილისი ევროპის ახალგაზრდული ლიგის (EYBL) ოთხთა ფინალს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქს აღნიშნული ლიგის უმაღლესი – 20-წლამდელთა პირველობის საუკეთესო გუნდები ეწვევიან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

ევროპის ახალგაზრდული ლიგა საკმაოდ მასშტაბური და პოპულარული ტურნირია. პირველობები ტარდება როგორც ვაჟთა (U14, U 15, U16, U 17, U20), ისე გოგონათა (U12, U13, U15, U17, U19) შორის. ლიგაში ძირითადად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კლუბები მონაწილეობენ, თუმცა არიან წარმომადგენლები იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან. მთლიანობაში, ევროპის ლიგაში ევროპის 30 ქვეყნის კლუბები ასპარეზობენ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევროპის ახალგაზრდულ ლიგასთან თანამშრომლობა 4 წლის წინ დაიწყო და მასში ჩვენი ქვეყნის დაბალი ასაკობრივი ნაკრებები მონაწილეობდნენ. წინა, 2016-2017 წლების სეზონში ევროპის ლიგაში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებიც ჩაერთო და პირველივე სეზონში ოთხთა ფინალში გავიდა, საბოლოოდ კი მე-3 ადგილს დასჯერდა. ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიმდინარე სეზონშიც მოახერხა ოთხთა ფინალში გასვლა და 28-29 აპრილს თბილისში ჩემპიონობის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ოთხთა ფინალში საქართველოს U20 ნაკრების პირველი მეტოქე იქნება ბელარუსული "ცმოკი-მინსკი", ხოლო მეორე ნახევარფინალში პოლონური „ვლადსლავოვო“ და ლატვიური "ვალმიერა" შეხვდებიან. გამარჯვებულები ფინალში 29 აპრილს ითამაშებენ, დამარცხებულები კი ამავე დღეს მე-3 ადგილს გაითამაშებენ.

მიმდინარე სეზონი ევროპის ახალგაზრდული ლიგისთვის გამორჩეულია: წლეულს ლიგას 20 წელი უსრულდება და ამასთან დაკავშირებით გასულ უქმეებზე ლატვიის დედაქალაქ რიგაში EYBL-ის ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ევროპულ ლიგის ბორდი გაფართოვდა და მასში საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდების გენერალური მენეჯერი, გივი სანაძე იქნა რჩეული.

ევროპის ახალგაზრდული ლიგის ოთხთა ფინალზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვა EYBL-ის საპატიო პრეზიდენტი, გუნტის სენჰოფსი.

"ძალიან მნიშვნელოვან ტურნირს ვმასპინძლობთ. იმედია, ჩვენი გუნდი წარმატებით იასპარეზებს ოთხთა ფინალში და ორგანიზებაც შესაფერისი იქნება. მოგეხსენებათ, 20-წლამდელთა ნაკრები ეროვნულის რეზერვია და სწორედ ახალგაზრდა მოთამაშეებზე დაკვირვების მიზნით, ტურნირს ილიას ზუროსი დაესწრება. ევროპის ახალგაზრდულ ლიგასთან უკვე მეოთხე წელია, ვთანამშრომლობთ და ეს ხელს უწყობს ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელების ზრდას, კალათბურთის პოპულარიზაციას. გულშემატკივარს მოვუწოდებ, მოვიდეს ოლიმპიურ სასახლეში და მხარი დაუჭიროს ჩვენს ნაკრებს", – განაცხადა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად