“თავისუფლების პარტიის” განცხადება წინასაარჩევნოდ

"თავისუფლების პარტია" წინასაარჩევნოდ განცხადებას აცხადებს.

"ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ცვლილებები და ახალი აქტივობები ისევ ძველ მოთამაშეთა კარნახითა და ინიციატივით მიმდინარეობს. ძველი ლოზუნგებით ახალი ფიგურების გამოჩენა ამის ერთ-ერთი მთავარი დადასტურებაა. ჩვენი სურვილია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები თვისებრივად განსხვავდებოდეს აქამდე ჩატარებული არჩევნებისგან.

ცივილიზებული სამყაროსთვის მიღებულ ზოგად წესებს ალტერნატივა არა აქვს. ასევე გასათვალსწინებელია გამძაფრებული საერთაშორისო ვითარება და მძიმე სოციალური ფონი. საქართველოს მოსახლეობა დაიღალა. ჩვენი ხალხი არ იმსახურებს კიდევ უამრავ ტყუილ დაპირებას საარჩევნო სუბიექტების მხრიდან. უნდობლობის ხარისხი პოლიტიკური ჯგუფებისადმი უმაღლეს ნიშნულამდეა ასული.

ამ ფონზე სახელმწიფოსთვის საშიში ძალების შეღწევა პარლამენტში იოლი შესაძლებელია, რაც კიდევ უფრო რთულ პროცესებს გამოიწვევს ქვეყანაში. დროა, საქართველოში პოლიტიკა პასუხისმგებლობით აღჭურვილ ადამიანთა საქმე გახდეს. დროა, საკუთარ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა ამომრჩევლის, ქვეყნისა და ისტორიისადმი. იმისთვის, რომ პოლიტიკური საქმიანობის მიზანი არ იყოს პირადი კეთილდღეობა; იმისთვის, რომ პოლიტიკა კეთილგონიერ და პროფესიონალ ადამიანთა საქმედ იქცეს; იმისთვის, რომ საქართველოს ამომრჩეველი კიდევ ერთხელ არ მოტყუვდეს, – შემოვდივართ ინიციატივით:

• ყველა საარჩევნო დაპირებას აუცილებლად ახლდეს არგუმენტირებული და დასაბუთებული განმარტება ამ დაპირების შესრულების კონკრეტულ მექანიზმებზე;

• საარჩევნო სუბიექტებმა წარმოადგინონ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის საკუთარი ვარიანტი;

• საარჩევნო სუბიექტებმა პირდაპირ და დაუფარავად განაცხადონ თავისი დამოკიდებულება საქართველოს მოსახლეობისთვის ისეთი მაღალი ინტერესების საკითხებზე, როგორიცაა: 1. საგარეო ორიენტაციის შესახებ; 2. სახელმწიფო მოწყობის შესახებ; 3. ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ; 4. ლუსტრაციის კანონის შესახებ; 5. დანაშაულებრივი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ჯგუფების შესახებ.

თავისუფლების პარტია ამ საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს სპეციალურ დოკუმენტს. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული პოლიტიკური სპექტრის საფუძვლიანი გადახალისებაა. დამოუკიდებლობის შემდეგ გასულმა წლებმა ვერ მოიტანა სამოქალაქო სიმშვიდე და კეთილდღეობა, რადგან ვერ მოხერხდა პოლიტიკურ სივრცეში სახელმწიფოსთვის მოღვაწე ადამიანთა მობილიზება და რომ პოლიტიკური სივრცე უმეტესად ფულსა და პრივილეგიებს გამოკიდებული ანტიხალხური სუბიექტების სათარეშო ადგილი გახდა", – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად