თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი სლოვაკეთმა მოიპოვა

ვარშავაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

ჩემპიონატზე ოქროს მედლები მხოლოდ სამი ქვეყნის მოჭიდავეებს ხვდათ და მათ შორის, საკმაოდ მოულოდნელად არ აღმოჩნდა არცერთი ქართველი მოჭიდავე.

კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობა იყო ჩემპიონატზე სლოვაკეთის მიერ მოპოვებული ორი ოქროს მედალი, იმდენივე, რამდენიც თურქებს ხვდათ წილად.

ოლიმპიური სისტემით გუნდურ ჩათვლაში (მხედველობაში მიიღება მოპოვებული მედლების ხარისხი, შემდეგ კი რაოდენობა – „აიპრესი”) სლოვაკები თურქებს 1 ვერცხლის მედლით ჩამორჩნენ და მესამე ადგილზე გავიდნენ, ჭიდაობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მიღებული გუნდურ ჩათვლაში ადგილების განაწილების სისტემით (წონით კატეგორიებში დაკავებული პირველიდან მეათე ადგილის ჩათვლით დარიცხული ქულებით ჯამით – „აიპრესი”) კი მეცხრე ადგილი დაიკავეს.

გუნდურ ჩათვლაში სლოვაკების მიერ მე-9 ადგილის დაკავების ფაქტის აღნიშვნისას მხედველობაშია მისაღები, რომ სლოვაკეთი ჩემპიონატზე 4 სპორტსმენით იყო წარდგენილი და 60 ქულა ორი ჩემპიონის და ერთი მე-5 ადგილზე გასული მოჭიდავის, ბორის მაკოევის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამია.

აღსანიშნავია, რომ დღემდე სლოვაკეთს სულ ორი ევროპის ჩემპიონი ჰყავდა: ეროვნებით ქართველი (მამით ჩოხელი, დედით ბუთხუზი), ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში) დაბადებული, 2007 წლიდან სლოვაკეთის მოქალაქეობის მქონე დავით მუსულბესი 2008 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი, ეროვნებით უნგრელი, 2011 წლიდან სლოვაკეთის მოქალაქე იშტვან ლევაი კი 2012 წელს.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ წამოშობით სლოვაკეთიდან არ არიან ევროპის ჩემპიონის კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზაზე ქართველი მოჭიდავეების, ნიკოლოზ კენჭაძის და ავთანდილ კენჭაძის დამმარცხებელი ახსარბეკ გულაევი და ტაიმურაზ სალკაზანოვი. ისინი სლოვაკეთის მოქალაქეებით დაახლოებით 4 წლის წინ გახდნენ ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდნენ ქართველ მოჭიდავე გიორგი სულავას.

2018 წელს, თბილისში, გივი კარტოზიას სახელობის გრან პრიზე, 70 კგ წონაში სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ტაიმურაზ სალკაზანოვმა გიორგი სულავას 10:0 სძლია.

2019 წელს „პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის” სახელობის 23 წლამდელ ასაკის მოჭიდავეთა ტურნირზე 74 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სულავამ ჯერ გულაევი დაამარცხა სუფთად, შემდეგ ბულგარელი მასპინძელი მიჰოვი აშკარა უპირატესობით და ბოლოს, ფინალში 7:6 სძლია სალკაზანოვს.

 


2019 წლის მარტში, 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 74 კგ გულაევმა სულავა 9:8 დაამარცხა.ტაიმურაზ სალკაზანოვი 2019 წელს ნურსულთანში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა 79 კგ წონაში. იქ მისი და ნიკოლოზ კენჭაძის გზები არ გადაკვეთილა.

ტაიმურაზ სალკაზანოვი, ალბათ, შეძლებს მაისში ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირზე საგზურის მოპოვებას და მისი და ავთანდილ კენჭაძის დაპირისპების შემთხვევაში, იმედია, ქართველი სპორტსმენი აიღებს რევანშს. რაც შეეხება ახსარბეკ გულაევს, ის არაოლიმპიურ წონაში ჭიდაობს და მასთან რევანშის შესაძლებლობა ნიკოლოზ კენჭაძეს მომდევნო მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ ვარშავაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველომ 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით ოლიმპიური სისტემით გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებულის გამოსავლენად არსებული წესით კი 96 ქულით რუსეთის და უკრაინის გუნდების მომდევნო, მესამე ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...