თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სამი ოქროს და სამი ბრინჯაოს შანსი ვლადიკავკაზის ტურნირზე (ვიდეო)

ვლადიკავკაზში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი “ალანები 2018” მიმდინარეობს.

ამ ტურნირში, რომელიც მასპინძელთათვის სარეიტინგო გრან პრი “ივან იარიგინი – 2019”-ის შესარჩევი ეტაპია, მასპინძლებთან ერთად 11 სხვა ქვეყნის მოჭიდავეებიც იღებენ მონაწილეობას, თუმცა ამ ქვეყნებიდან უმეტესობას ნაკრების პირველი ნომერი ერთეულ შემთხვევებში ყავთ მივლინებული ვლადიკავკაზში საასპარეზოდ და მხოლოდ საქართველოს ნაკრებია წარდგენილი უძლიერესი შემადგენლობით. მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ნაკრების 10 წევრიდან ვლადიკავკაზში მხოლოდ ზურაბ იაკობიშვილი არ ჭიდაობს.

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე რუსეთის ნაკრების წევრებს “ივან იარიგინი – 2019”-ის საგზური შესარჩევი ეტაპის გაუვლელად მისცეს ნაკრების მწვრთნელებმა და მათ ვლადიკავკაზში ჭიდაობას თავი აარიდეს.

სულ ტურნირში 12 ქვეყნის 240 მოჭიდავე მონაწილეობს. 56 საზღვარგარეთელ მოჭიდავეს შორის 20 საქართველოდანაა, 9 აშშ-დან, 7-7 ირანიდან და მონღოლეთიდან, 3-3 აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან და ყაზახეთიდან, თითო-თითო კი ბაჰრეინიდან, მოლდოვადან, საბერძნეთიდან და სომხეთიდან.

ტურნირში გამარჯვებული 5 000 დოლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული 2 000 დოლარით, ბრინჯაოს მედალოსნები კი 1 000 – 1 000 დოლარით. 1 000 დოლარს მიიღებსგამარჯვებული სპორტსმენის მწვრთნელი.

57 კგ წონით კატეგორიაში სამი ქართველი მოჭიდავე ჩაება ასპარეზობაში. ოთარ გოგავა საკვალიფიკაციო წრეში 6:12 დამარცხდა იბრაგიმ აბდურახმანოვთან და გამოეთიშა შეჯიბრებას. გიორგი ღონიაშვილმა მერვედფინალში სუფთად დაამარცხა ამერიკელი ფრენკ პირელი, მეოთხედფინალში კი 8:16 დამარცხდა ჟარგილ დამდინოვთან და ისიც გამოეთიშა შეჯიბრებას. ბექა ბუჯიაშვილი არტიშ-ოოლ არზილთან მერვედფინალში ფრედ (4;4) დამთავრებულ შეხვედრაში ცნეს მსაჯებმა გამარჯვებულად, მეოთხედფინალში იგი აშკარა უპირატესობით (0:11) დამარცხდა აბასგაჯი მაგომედოვთან, მაგრამ ამ უკანასკნელის ფინალში გასვლის გამო რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

61 კგ წონით კატეგორიაში გიორგი რევაზიშვილი 4:9 დამარცხდა არტემ გებეკოვთან და გამოეთიშა შეჯიბრებას. ბექა ლომთაძემ 4:1 სძლია ნიურგუნ ალექსანდროვს, 6:4 მოუგო მაგომედრასულ იდრისოვს, შემდეგ 7:0-დან გაათანაბრებინა ანგარიში ალქსანდრ ბოგომოევს, მაგრამ ოთხქულიანი ილეთის ხარჯზე გავიდა ფინალში, სადაც რამაზან ფერზალიევს შეხვდება.

65 კგ წონით კატეგორიში ედემი ბოლქვაძე მეთექვსმეტედფინალში 4:7 დამარცხდა ბისულტან არსლანოვთან. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მეთექვსმეტედფინალში 6:1 სძლია საიინ კაზირიკს, თუმცა მეოთხედფინალში ვერაფერი გააწყო ნაჩინ კუულართან. თავდაპირველად კუულარი დაწინაურად – 3:0. პირველი პერიოდის დასრულებამდე 53 წამით ხინჩეგაშვილის ფეხებში შევიდა, შემდეგ სამჯერ დაატრიალა მეტოქე და 26 წამში მოპოვებული ექვსი ქულის წყალობით დაწინაურდა. 6:3 ხინჩეგაშვილის სასარგებლოდ. ასე დასრულდა პირველი პერიოდი.

მეორე პერიოდის დაწყებიდან 50 წამი იყო გასული, როდესაც ხინჩეგაშვილი კვლავ შევიდა ფეხებში, ხალიჩის კიდესთან მიიყვანა მეტოქე, მაგრამ ბოლო წამს მან ხინჩეგაშვილის თავზემო გდებით 4 ქულა აიღო. მწვრთნელის პროტესტი, რომ კუულარი უკვე გაყვანილი ჰყავდა ხინჩეგაშვილს ხალიჩის გარე, როდესაც მან ილეთი წამოიწყო, უსაფუძვლოდ ჩათვალეს და კუულარი 8:6 დაწინაურდა. მეორე პერიოდის დასრულებამდე 1 წუთით და 40 წამით ადრე კუულარმა კარგად დაიცვა თავი და კონტრილეთით კიდევ ორი ქულა მოიპოვა. შეხვედრა ხინჩეგაშვილის აქტიურობით გაგრძელდა, კუულარი თავს იცავდა და სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდა, თუმცა ისიც უშედეგოდ. შეხვედრის დასრულებამდე 23 წამით ადრე ხინჩეგაშვილი კვლავ შევიდა ფეხში, წამოდგომაც სცადა მეტოწესთან ერთად, მაგრამ კუულარმა მას დაასწრო და 2 ქულა აიღო. თითქმის იმ წამს ლადომ დანებების ნიშნად მეტოქეს მხარზე ხელი დაარტყა და მსაჯმა შეხვედრა შეაჩერა. შეხვედრის დასრულების ვადამდე 15 წამით ადრე ხინჩეგაშვილმა ტრამვის გამო დანებება ამჯობინა.

70 კგ წონით კატეგორიაში საკვალიფიკაციო შეხვედრაში მაგომედ საიდოვი ირანელ მოჰამედ იუსეფიკამანგართან 6:9 დამარცხდა, ხოლო კონსტანტინე ხაბელაშვილმა მერვედფინალური შეხვედრა 3:13 წააგო ჩერმენ ვალიევთან. მესამე ქართველმა – ლევან ქელეხსაშვილმა საკვალიფიკაციო შეხვედრა სუფთად მოუგო შამილ ომაროვს, მერვედფინალი კი დათმო 1:5 მაგომედ კურბანალიევთან. ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა და ქელეხსაშვილი რეპეშაჟში იჭიდავებს ბრინჯაოს მედლისთვის.

74 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სულავამ საკვალიფიკაციო შეხვედრა 8:16 წააგო მაგომედჰაბიბ კადიმაგომედოვთან. ლევან კენჭაძემ თანმიმდევრობით სძლია ახმედ შოკუმოვს – 4:1, კახაბერ ხუბეჟთის – 11:0, მაგომა დიბირგაჯიევს – 6:2, მაგომედჰაბიბ კადიმაგომედოვს -7:3 და ფინალში გავიდა. მისი მეტოქე ფინალში ტიმურ ბიჩოევი იქნება. მასთან ავთანდილმა ახლახანს, 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავა და ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ ტურნირში არ მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონი ზაურბეკ სადიკოვი, რომელთან ფინალური შეხვედრაც ავთანდილ კენჭაძემ დათმო უფროსი ასაკის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. სადიკოვი და კენჭაძე, ორგზის მსოფლიო და ორგზის ევროპის, აგრეთე ოლიმპიური ჩემპიონის, ჩრდილო ოსეთის სპორტის მინისტრის, ხასან ბაროევის თქმით, უახლოეს ათ წელში მეტოქეებად მოისაზრებიან

79 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე კვინიკაძემ საკვალიფიკაციო შეხვედრაში 8:2 მოუგო რუსეთის სახელით მოასპარეზე აფხაზ ასტამურ გუმბას, მერვედფინალში კი სუფთად წააგო მაგომედ რამაზანოვთან. დავით ხუციშვილი საკვალიფიკაციო შეხვედრაში ირანელ ჰასან ტაბარ ელოდარს გასცდა – 7:3, მერვედფინალში – რუს აზრეტ ულიმიბაშევს – 10:5, მეოთხედფინალში კი დამარცხდა მაგომედ რამაზანოვთან – 0:3.

86 კგ წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილი მერვედფინალში 1:5 დამარცხდა არტიომ უმაროვთან შეხვედრაში.

92 კგ წონით კატეგორიაში დავით მარსაგიშვილმა მერვედფინალში 3:7 წააგო აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან. ირაკლი მწითურმა მერვედფინალში ამერიკელ ჰაიდენ ზილმერ სძლია 2:1, მეოთხედფინალში კი დათმო შეხვედრა მაგომედ ყურბანოვთან. მწითური რეპეშაჟში იჭიდავებს ბრინჯაოს მედლისთვის.

97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძე დამარცხებულად ცნეს ზეინულა ყურბანოვთან ფრედ (1:1) დამთავრებულ შეხვედრაში. ზურიკო ურთაშვილიც მეოთხედფინალში გამოეთიშა ასპარეზობას. იგი ერიკ ჯიოევთან დამარცხდა ანგარიშით 2:6.

125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა მერვედფინალში ოსტაპ პასენოკს სძლია – 5:0, მეოთხედფინალში ვიტალი გოლოევს – 12:4, ნახევარფინალში კი ამერიკელ ენტონი ნელსონს – 10:0. ფინალში გენო პეტრიაშვილი ირანელ ჯაბერ ტაგი სადეგზადეჰთან იჭიდავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად