თავდაცვის სამინისტროს ნატოს ექსპერტთა ჯგუფი ეწვია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტით „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის“ საკითხებზე მომუშავე ნატოს ექსპერტთა ჯგუფი ეწვია. 

 ვიზიტის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფი თავდაცვის მინისტრის მრჩეველ შოთა ღვინერიას შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ექსპერტთა ჯგუფს პროფესიული განვითარების ცენტრის საქმიანობა და მის ბაზაზე „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის“ დაარსების საკითხები, ჩატარებული სამუშაოები და დაგეგმილი ღინისძიებები გააცნო.

„თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის“ დაარსება 2014 წლის სექტემბერში ნატოს უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით აღებული ინიციატივაა. სკოლა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ყალიბდება.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, სკოლის მისია უსაფრთხოების სექტორის ეფექტური მმართველობის მხარდაჭერა, სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევითი ღონისძიებების უზრუნველყოფით თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაა.

გაცნობითი სახის შეხვედრები გაიმართა თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (Office of Defense Cooperation – ODC) და საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC) წარმომადგენლებთანაც.

ვიზიტის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფი ასევე ეწვია ნატოს სამეკავშირეო ოფისს, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას და ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად