თავდაცვის სამინისტრომ ბინების დაკანონების პროცესი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის განხორციელება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით უწყების ბალანსზე არსებული 5000 ბინის დაკანონებას ითვალისწინებდა, უკვე დაიწყო. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავცრელებს.

ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბინების გადაცემის პროცესის ეფექტიანი და
სამართლიანი წარმართვის მიზნით, მინისტრის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელშიც სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი წარმომადგენლები შედიან. აღნიშნული კომისია განცხადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ინდივიდუალური მიდგომით განიხილავს და მინისტრს შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს. უშუალოდ განცხადებების მიღება და სარეკომენდაციო პროექტების მომზადება თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ მოხდება, რომელიც აღნიშნული კომისიის სამდივნოს წარმოადგენს. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის ადმინისტრირების არსებული მოდელი პროცესის გამჭვირვალობასა და ღიაობას შეუწყობს ხელს.

სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინის ფაქტობრივი მფლობელებისთვის დაკანონების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 17 ივლისს მიიღო. ბინების დაკანონების შედეგად, ათასობით ოჯახისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა გადაიჭრება, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას. თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ 5000-მდე ბინას, ფაქტობრივად, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველი პირები და საქართველოს სხვა მოქალაქეები დაიკანონებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად