თავდაცვის სამინისტრო: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

თავდაცვის სამინიშტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ.

“ბათუმიდან სენაკის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელსაც მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა, სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. სამხედროები სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. შემთხვევის შედეგად, 14-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სამედიცინო დაწესებულებებში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. 3 მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ მოინახულა. ყველა სამხედროს მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

2019 წლის 01 ივლისს ოზურგეთის რ-ნის დაბა შეკვეთილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვი” – ნათქვამია გა ვრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად