თავდაცვის მინისტრმა 150 სამხედრო მოსამსახურეს ბინები საკუთრებაში გადასცა

ვარკეთილის სამხედრო ქალაქში სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის ღონისძიება გაიმართა. აბაშვილის ქუჩის N3-ში მდებარე სამხედრო ქალაქის V და IX კორპუსებში საცხოვრებელი ფართები 150 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირადად გადასცა.

თინათინ ხიდაშელმა ახალ მესაკუთრეებს ბინების მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სამხედრო ქალაქში ბინების გადაცემის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები. აბაშვილის ქუჩის N3-ში ბინები, ამჯერად, იმ სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ნამსახურები წლების მიხედვით და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის

„ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეების მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ N135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის საფუძველზე ეკუთვნოდათ. თავდაცვის მინისტრმა ბინების გადაცემის კრიტერიუმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, 2017 წელს უკვე შესაძლებელი იქნება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების სისრულეში მოყვანა.

„ბინების დარიგების დროს რამდენიმე პრინციპი მოქმედებს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კონტრაქტებია, სადაც გარკვეულ პერიოდამდე სახელმწიფოს მიერ ვალდებულებაა აღებული. ეს არის პირველი და მთავარი კრიტერიუმი. ჩვენ დაახლოებით 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გვყავს დარჩენილი, ვისაც ბინა არ აქვს მიღებული. ჩემი მინისტრობის დროს უკვე 400-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო ბინა. ჩვენ ორ კვირაში, აღდგომის შემდეგ, კიდევ 120 ბინას გადავცემთ. ივნისში დაახლოებით ამდენივეს; ვფიქრობთ, წლის ბოლომდე კიდევ ორ კორპუსს ჩავაბარებთ ანუ თითქმის გავანახევრებთ სიას. 2017 წელს უკვე შესაძლებელი იქნება მთლიანად დავასრულოთ ეს ვალდებულება. ამ ვალდებულებებში ხდება ადამიანების გადაჯგუფება მათი კონკრეტული მახასიათებლებით – მრავალშვილიანობა, სოციალური სტატუსი, ნამსახურობის წლები. ბუნებრივია, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭებათ. ჩვენ დავასრულეთ გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების დაკმაყოფილება,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ბინების განაწილება კენჭისყრის მეშვეობით განხორციელდა. სამხედროებს ბინები საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცათ. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა სამხედროებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად ახალი ბინები დაათვალიერა და სარემონტო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად