თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ახალი სტანდარტები დაწესდა

თავდაცვის სამინისტროში თანამედროვე სტანდარტები მკვიდრდება. ევროპული სტანდარტები ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გავრცელდება. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ახალი სტანდარტების დადგენის მიზნით თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო ბაზას მის მოადგილესთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ახლად შექმნილი „სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტისგან“ ინფრასტრუქტურული სტანდარტების გაუმჯობესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შექმნილი ხარისხის კონტროლის ახალი სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავდაცვის ძალებში ნატოსთან თავსებადი კოდიფიკაციისა და სტანდარტიზაციის სისტემის განვითარებაზე. დეპარტამენტის ფუნქციებში ასევე შედის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ზედამხედველობა და ყველა ტიპის მომსახურების ხარისხის კონტროლი.

თავდაცვის სამინისტროს განახლებული სოციალური პოლიტიკა სამხედრო მოსამსახურეების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. სამინისტროში ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც ყველა ყაზარმისა და სასადილოს სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.სამხედრო მოსამსახურეებისთვის შენდება დასავლური სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურა, ღია და დახურულ სივრცეებში მოწყობილი მულტიფუნქციური სტადიონები და სატრენაჟორო დარბაზები. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2019 წელთან შედარებით 2020 წელს ოთხჯერ მეტი – 100 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად