თავაძე: ჩემთვის, როგორც მაშინდელი მაღალჩინოსნისთვის, 7 ნოემბრის მოვლენები მიუღებელი იყო

“ჩემთვის, როგორც მაშინდელი მაღალჩინოსნისთვის, 7 ნოემბრის მოვლენები მიუღებელი იყო”. – ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარე ზაზა თავაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის მიერ დასმულ კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა 2007 წლის 7 ნოემბერს.

ზაზა თავაძის თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაშინ შესაბამისი რეაქცია ჰქონდა.

„7 ნოემბერი შეფასებულია ჩემზე გაცილებით ჭკვიანი ადამიანების მიერ. იმ პირთა ჯგუფის მიერ, რომლებმაც არაერთი დასკვნა დადეს ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ფაქტი, როგორც მაშინდელი მაღალჩინოსნისთვის, იყო მიუღებელი. მე ამაზე მქონდა კიდეც შესაბამისი რეაქცია. შესაბამისი კამათიც შეიძლება მქონდა. მე არ ვიყავი ის თანამდებობის პირი, რომელსაც არ შეეძლო ხმის ამოღება, თუ ის რაღაცას ფიქრობდა. შეიძლება მეტის გაკეთება შეიძლებოდა, რომ ვყოფილიყავი უფრო თანმიმდევრული, უფრო კრიტიკული, მაგრამ მაშინ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.

ცნობისთვის: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ. ზაზა თავაძე მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა. ის 2008-2010 წლებში იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად