თანდილაშვილი “ტყის კოდექსზე”: მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ კოდექსით უფრო მეტი მოვალეობა ეკისრება, ვიდრე უფლება

პალამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც მესამე მოსმენით განხილული და მხარდაჭერილი იქნა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ტყის კოდექსი“, საპატრიარქოს თემასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა,  კანონპროექტის განხილვის პერიოდში არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მთავრობა მიზანმიმართულად აპირებს არჩევნების წინ საპატრიარქოს გადასცეს ტყეები და საკუთრების უფლება მათზე.

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონით საპატრიარქოს, თუ კი მიეცემა გარკვეული რაოდენობის ტყეები ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ, რომელთა დიდი ნაწილი რა თქმა უნდა ტყის ფონდშია განთავსებული, მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება ამ კოდექსით და ახალი კანონმდებლობით, ვიდრე უფლებები. ეს ვალდებულებები მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენტარიზაციას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რიგ სხვა ვალდებულებებს, ისეთს, რომლებიც სხვა დანარჩენ ტყით მოსარგებლეებს დაეკისრებათ, რომლებიც ტყის გარკვეულ ტერიტორიებს სხვადასხვა მიზნებისათვის მიიღებენ სახელმწიფოსგან“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მისი თქმით, ამგვარად სპეკულაციები, თითქოს ტყის ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცემა საპატრიარქოს, არის მორიგი ტყუილი და შეურაცხყოფა ყველა მათი, ვინც ერთობლივად გაწია შრომა ამ კოდექსის საბოლოო კონდიციამდე მიყვანის საქმეში.

„პირიქით, საპატრიარქოს შეეზღუდა ჰექტრულად რაოდენობა ფართობებისა, რაც შეიძლება რომ მან ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ სახელმწიფოსგან მიიღოს და ისარგებლოს ისევ და ისევ იმ მიზნებისთვის, რომ იმ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც ტყის ფონდში ისტორიულად განთავსებული გახლავს, მოუაროს, უპატრონოს და ჩვენ ეს შევუნახოთ მომავალ თაობებს. ეს არის ასახული კანონში ცალსახად. ამ კანონის მთავარი მიზანი გახლავს რომ ჩვენ უკეთესად მოვუაროთ იმ მნიშვნელოვან რესურს რაც ჩვენ გვაქვს – 40%-ს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი რესურსი ეკოსისტემური თვალსაზრისითაც, და ცხადია მას თავისი ეკონომიკური ღირებულებაც გააჩნია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად