“თანაინვესტორების ფონდი”: მოვუწოდებთ საია-ს, მეტი პროფესიონალიზმით მიუდგნენ საკუთარ საქმეს

"თანაინვესტირების ფონდი" აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ კანონპროექტისა და პანორამა თბილისის ერთმანეთთან შესაძლო კავშირზე დღეს საია-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. 

"დღეს (26.04.2017) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც თანაინვესტირების ფონდი და ეგრედწოდებული პროექტი “პანორამა თბილისი” დაუკავშირა კანონპროექტს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ". თითქოს კანონპროექტში ნახსენები სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების მონტაჟის რეგულაციები დაკავშირებულია თანაინვესტირების ფონდის პროექტის განხორციელებასთან.

ეგრედწოდებული “პანორამა თბილისი” წარმოადგენს კერძო საინვესტიციო პროექტს და თანაინვესტირების ფონდი უარყოფს ყოველგვარ კავშირს ზემო აღნიშუნლ კანონპროექტთან და არ აპირებს მომავალში მის გამოყენებას. თანაინვესტირების ფონდი მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, მსგავსი უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებმდე მიმართონ თანაინვესტირების ფონდს ან კანონმდებლებს, გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე, რათა თავი აარიდონ ცრუ ბრალდებების გავრცელებას და მეტი პროფესიონალიზმით მიუდგნენ საკუთარ საქმიანობასა და სხვა ორგანიზაციების რეპუტაციას",-აღნიშნულია თანაინვესტირების ფონდის განცხადებაში.  

საიაში მიაჩნიათ, რომ სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივა, სავარაუდოდ, „პანორმა თბილისის“ პროექტს უკავშირდება. ორგანზაციაში განმარტავენ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონის ახალ რედაქციაში, მცირედი ცვლილებით პრაქტიკულად უკლებლივ არის გადმოტანილი ყველა ის საფუძველი, რა დროსაც შესაძლებელია საკუთრების ჩამორთმევა. ამასთან, აღნიშნულ სიას ემატება ახალი პუნქტი, კერძოდ საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელი ხდება თუ ეს სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საჭირო სამუშაოებს უკავშირდება. საიას განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თანაინვესტირების ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პანორამა თბილისის ორი პროექტი – თავისუფლების მოედნის მიმდებარედ არსებული მშენებარე ნაგებობა და ე.წ. „სოლოლაკის მაღლობი“ სწორედ საბაგირო გზით უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად