თამბაქოს ნაწარმის 50 და 100 გრამიან საფუთავებით რეალიზებასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტში განხილვა გადაიდო

“თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის პარლამენტში  განხილვა, რომელიც თამბაქოს ნაწარმის 50 და 100 გრამიან საფუთავებით რეალიზებას გულისხმობს, ჯანდაცვის კომიტეტის უარყოფითი პოზიციის გამო გადაიდება.  

აღნიშნულის შესახებ ცნობილი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი,  სადაც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვა დისკუსიის ფონზე წარიმართა.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გოგა გულორდავამ კომიტეტის წევრებს ცვლილებების ძირითადი მიზანი გააცნო, რომლის მიხედვითაც, კანონის უკვე მოქმედ ნორმას, რომელიც თამბაქოს ნაწარმის 50 და 100 გრამიან საფუთავებით რეალიზებას გულისხმობს, დაემატება 15 გრამიანი საფუთავიც. წარმოდგენილმა ცვლილებებმა კომიტეტის სხდომაზე დისკუსია გამოიწვია.

კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე კანონპროექტის ავტორებისგან დაინტერესდა, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული ინიციატივის მომზადება, მაშინ როდესაც ევროდირექტივის თანახმად, მინიმალურ რაოდენობას 30 გრამიანი საფუთავი წარმოადგენს.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა ლევან კობერიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ კანონპროექტის მომხსენებელს კითხვებით მიმართეს, რომლებმაც ინიციატორს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, თამბაქოს ბაზარზე მისი ზეგავლენის შეფასება მოთხოვეს.

დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ, თუ რატომ წარმოადგინეს ცვლილებების პროექტი პარლამენტის წევრებმა და არა ფინანსთა სამინისტრომ.

კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც ისაუბრა და წარმოდგენილ ცვლილებებს უარყოფითი შეფასება მისცა.

კანონპროექტის ირგვლივ გამართული დისკუსია კომიტეტის თავმჯდომარემ შეაჯამა. დიმიტრი ხუნდაძემ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი გააცნო, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის უწყება წარმოდგენილ ცვლილებებს არ ეთანხმება.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის პოზიცია ერთმნიშვნელოვანად უარყოფითია, ცვლილებების პროექტზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების პოზიციების გაცნობამდე, კომიტეტში კანონპროექტის კენჭისყრა გადაიდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად