თამაზ მეჭიაური: გავითვალისწინეთ ყველა რჩევა და შენიშვნა, ზომაზე მეტიც კი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” და მისი თანმდევი პროექტები. საკომიტეტო მოსმენის დროს, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტის ცალკეულ მუხლებში ცვლილებების შეტანას.

ეროვნული ბანკის ორგანიზების საკითხების მარეგულირებელი მუხლის ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამი იყო, რომ: ,,ეროვნული ბანკი ამ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრავს მისი სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბებას, ფუნქციონირებას და გაუქმების წესს“. შეტანილი ცვლილების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმა არ შეეხება საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს.

ვალდებულებების ჩამონათვალში აღარ იქნება კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება.

სააგენტოს საბჭოს წევრობისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებშიც ცვლილება შევიდა, კერძოდ, საბჭოს წევრობისთვის საბანკო ან საფინანსო სექტორში მუშოაბის მინიმალურ სტაჟად განისაზღვრა მინიმუმ 7 წელი, ნაცვლად 5 წლისა. დეპუტატებმა კანონპროექტში შეიტანეს ასევე ტერმინთა განმარტებები და ტექნიკური ხასიათის ცვლილებები.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, კანონპროექტში ასახულია როგორც საბანკო სექტორის, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წინადადებები და შენიშვნები. ,,ჩვენ გავითვალისწინეთ ზომაზე მეტიც კი, რათა გაგვეფანტა ყველა ის ეჭვი, რომელთა წარმოშობაშიც, ფაქტიურად ძალიან დიდი როლი მიუძღვით ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ცდილობდნენ ამ იდეის დისკრედიტაციას და ისე წარმოჩენას, რომ ამ კანონპროექტის მიზანი იყო ეროვნული ბანკის დანგრევა. ჩვენ ყველაფერი ზომაზე მეტად დავაკონკრეტეთ, მათ შორის ყველა შესაძლო საფრთხე,  გავითვალისწინეთ ყველა რჩევა, ყველა შენიშვნა, რა თქა უნდა იმ მთავარი მიზნის მიღწევის ფონზე, რომელიც თავიდანვე იყო ჩადებულ ამ კანონპროექტის იდეაში. ყოველივე ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო დაკომპლექტდება მაღალი კვალიფიკაციის, საზოგადოებისთვის მაღალი ნდობით აღჭურვილი პიროვნებებით და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეროვნული ბანკის ნდობის ამაღლებას და მომავალში იმ მიზნების მიღწევას, რისთვისაც არის მოწოდებული ეს ინსტიტუტი“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად