თამაზ ელიზბარაშვილი: ნარმანიას მოვუწოდებ, ეს თბილისობა სვანიძის ქუჩაზე ჩაატაროს

13 ივნისის სტიქიიდან 4 თვე გავიდა. თბილისის მერიამ დაზარალებული მოსახლეობის ნაწილს კომპენსაცია გადასცა, თუმცა დარჩნენ ისეთებიც, რომლებსაც ამ დრომდე არანაირი დახმარება დედაქალაქის მთავრობისგან არ მიუღია. ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ  მილიონ 500 ათას ლარად შეფასდა მისი ზარალი, მაგრამ ქალქის მერი დავით ნარმანია არ აპირებს, მისთვის რაიმეს გადახდას.

"აიპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში დაზარალებული ბიზნესმენი ყვება, რა გაუკეთა ამ ხნის მანძილზე მერიამ სვანიძის ქუჩის დაზარალებულ მაცხოვრებლებს. ინტერვიუს სრულ ვერსიას რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.

თამაზ ელიზბარაშვილი: მერს მოვუწოდებ, წლევანდელი თბილისობა ჩაატაროს სვანიძის ქუჩაზე, ამ სტიქიით განადგურებულთა ქუჩაზე. 4 თვე გავიდა და უნდა ჩამოიაროთ სვანიძის ქუჩაზე და ნახოთ, რა ხდება, განადგურებული, გაპარტახებული, დანგრეული შენობებიდან ერთი აგური არ არის გატანილი. ნაომარი ფრონტის წინა ხაზს ჰგავს სვანიძის ქუჩა. მოვუწოდებ, ის ერთი მილიონი, რომელიც თბილისობისთვის არის გამოყოფილი, დახარჯოს სვანიძის ქუჩაზე, მოახმაროს მის დასუფთავებას და მოაწესრიგოს.

13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარ ტრაგედიას 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 160 ოჯახი დააზარალა, ბევრი მათგანის საცხოვრებელი სახლი რეაბილიტაციას ექვემდებარება, 10 ოჯახი კი საერთოდ უსახლკაროდ დარჩა. დღეს, 13 ივნისიდან ოთხი  თვე გავიდა. ოთხი თვე ძალიან მცირე დროა სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების რეაბილიტაციისთვის, ახლობლების დაკარგვით მიღებული ტკივილის მოშუშებისთვის, მაგრამ ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ საზოგადოებას გარკვეულ კითხებზე პასუხები ჰქონდეს. "აიპრესი" გთავაზობთ მთავრობის, ბიზნესის, პოლიტიკოსების, საზოგადოების ერთგვარ ანგარიშს, თუ რა გაკეთდა ტრაგედიიდან ოთხი თვის განმავლობაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, სტიქიის განმეორების პრევენციისთვის და რა დარჩა გასაკეთებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...