თამარ ტალიაშვილი: ევროსაბჭოს კონგრესზე ევროპის კულტურულ ტრანსნაციონალურ მარშრუტებში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ ვიმსჯელებთ

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე- პრეზიდენტმა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა სტრასბურგში ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს

ვიზიტის ფარგლებში, თამარ ტალიაშვილი მონაწილეობდა განხილვაში, რომელზეც შეთანხმდნენ, რომ ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის 37-ე პლენარულ სხდომაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება მოხსენება საქართველოს კულტურული მარშრუტების შესახებ.

განხილვის მიზანი არის ევროპის კულტურულ ტრანსნაციონალურ მარშრუტებში საქართველოს ინტეგრაცია. აღნიშნულ თემაზე მოხსენებით გამოვა საქართველოს კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი.

საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (Enlarged Partial Agreement) წევრი სახელმწიფო 2016 წელს გახდა. მისი მიზანია სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმოჩენა საერთო კულტურული მემკვიდრეობის ჭრილში, აგრეთვე კულტურის სფეროში თანამშრომლობა, ახალი მარშრუტების აღმოჩენა და ტურისტული გამოცდილების გაზიარება.

გარდა ამისა, თამარ ტალიაშვილი სხდომაზე კონგრესის წესებსა და პროცედურებში შესატანი ცვლილებების შესახებ მოხსენებით გამოვიდა. წარდგენილი ცვლილებები მიზნად ისახავს კონგრესის წესებისა და პროცედურების მეტ გამჭვირვალობას. როგორც სხდომაზე აღინიშნა, საკითხის კენჭისყრა კონგრესის 37-ე სესიაზე მიმდინარე წლის ოქტომბერში მოხდება. თამარ ტალიაშვილი მონაწილეობდა ასევე ევროსაბჭოს კონგრესის სოციალისტთა პოლიტიკური ჯგუფის სხდომაში. კონგრესის ბიუროს წევრებმა სხდომაზე ასევე იმსჯელეს 2021-2024 წლების კონგრესის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებმაც უნდა უპასუხონ ევროსაბჭოსა და მისი წევრი ქვეყნების დღის წესრიგში არსებულ გამოწვევებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად