თამარ სულაძე: დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი არ ჩათვლის ჩემს მეუღლეს დამნაშავედ

გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლეს, თამარ სულაძეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრა სურს და დარწმუნებულია, რომ პატრიარქი სხვა სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ივერი მელაშვილს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ამის შესახებ თამარ სულაძემ გადაცემაში “მთავარი აქცენტები” განაცხადა.

“ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს და გვინდა პატრიარქთან შეხვედრა. მე გულით ვარ დარწმუნებული, რომ პატრიარქი არ ჩათვლის ჩემს მეუღლეს დამნაშავედ. პატრიარქი იცნობდა და იყო შეხვედრილი რამოდენიმეჯერ ჩემს მეუღლეს. ვიცი, რომ პატრიარქს აქვს ხედვა და ხედავს ყველაფერს, რაც სინამდვილეა. მე ასე მგონია, რომ პატრიარქი არ დაადანაშაულებს ჩემ მეუღლეს და სრულიად სხვა დამოკიდებულება ექნება, ვიდრე იმ ერთ-ორ ბერს თუ სასულიერო მოღვაწეს, რომელმაც, არ ვიცი, რის გამო და რის ფასად ასეთი რამ იკადრეს და ასე დაადანაშაულეს ჩემი მეუღლე”, – განაცხადა  თამარ სულაძემ

მისივე თქმით, ივერი მელაშვილის მხარამჭერი აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ უდანაშაულო ადამიანებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას არ გაათავისუფლებენ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად