თამარ კორძაია პრემიერ მინისტრს: თუ გიფიქრიათ თქვენგან სასიკვდილოდ გამეტებული მოქალაქეები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ არჩევნებზე?

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშრებით გამოთქმულ ინიციატივაზე პარტიის პოზიცია დააფიქსირა.

“იმის ნაცვლად რომ პანდემიის დამარცხებაზე გველაპარაკონ, ოპოზიციის, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაზე ლაპარაკობენ.
ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზად არიან ადამიანების სიცოცხლე კიდევ მეტი რისკის წინაშე დააყენონ.
ადამიანის სიცოცხლე არ არის სტატისტიკა! თუმცა, სტატისტიკითაც კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ!
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გვაინტერესებს პრეზიდენტის პოზიცია მის მიერ დანიშნულ არჩვენებთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თუ გიფიქრიათ თქვენგან სასიკვდილოდ გამეტებული მოქალაქეები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ არჩევნებზე?
P.S მსოფლიოში 79 ქვეყანამ გადადო არჩევნები 5-6 თვით პანდემიის გამო” – წერს თამარ კორძაია სოციალურ ქსელში.

ვხედავთ, რომ გაშლილია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი კამპანია თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, რაც არის საარჩევნო მარცხის წინასწარი აღიარება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბუნებრივია, ამას საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს.

“ეს არის არჩევნების მიმართ შიშის გამოხატულება, ჩვენ ასეთივე კამპანია გვახსოვს წინა წლიდან, 2020 წელსაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო ეს კამპანია, შემდეგ „სირცხვილიამ“ გააგრძელა, ამჯერადაც დაიწყო ნინო ლომჯარიამ და შემდეგ გააგრძელა „სირცხვილიადან“ მიშა მშვილდაძემ ეს კამპანია. ნიშანდობლივია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ეშინია იმ არჩევნების, რომელიც არის კარს მომდგარი. ეს იკითხებოდა 2020 წელსაც, როცა ეს კამპანია გახსნა სახალხო დამცველმა. სამწუხაროდ, დღესაც ერთიანად გაიხსნა ეს კამპანია და ეს გახსნა ნინო ლომჯარიამ, შემდეგ ამას აჰყვა „ნაციონალური მოძრაობა” თავის სხვადასხვა განშტოებით, ეს არის ძალიან ცუდი მოვლენა, ყველა უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის და უნდა აჩვენონ საზოგადოებას თუ რისი რესურსი აქვთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია დასუსტებულია და სწორედ ამიტომ წამოიწყეს მათ კამპანია არჩევნების გადადების თაობაზე.

კომენტარები
იტვირთება...