თამარ კორძაია: “ოცნებაში” იგივე სცენარი თამაშდება, რაც პროპორციულზე ხუნდაძის ამბოხებით გაითამაშეს

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ იმაზე მინიშნება თითქოს ოპოზიციაში ერთიანობ არ არის გულუბრყვილობაა. იმ ფონზე, როდესაც მმართველი გუნდის პოზიცია არ არის ცნობილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ დადებული შეთანხმების თაობაზე.

აღნიშნული განცხადება თამარ კორძაიამ “აიპრესთან” გააკეთა და აქვე აღნიშნა, რომ არჩილ თალაკვაძის განცხადება, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს და იქ ისაუბრონ არასერიოზული და თავხედური დამოკიდებულებაა.

“მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო ომს “ქართული ოცნება” გარკვეულ ეტაპამდე უგებდა ოპოზიციას, დღეს უკვე ნათელია თუ ვინ არის კონსტრუქციული და მომავალზე ორიენტირებული და ვინ – არა. როდესაც ასეთი გაგნგაში გამოიწვია დასავლეთში ნიკა მელიას დაკავებამ, ლოგიკურია ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც ველოდებით მათ პოზიციას, მაგრამ ამაზეც ვერ მივიღეთ პასუხი “ოცნებისგან”. სრულიად არასერიოზული დამოკიდებულება იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, როდესაც პარლამენტში გვიწვევს, ეს მისი მხრიდან არასერიოზულობაცაა და თავხედობაც.

კიდევ იმაზე მინიშნება, რომ ოპოზიციაში ერთიანობა არ არის, ეს ჩემი აზრით გულუბრყვილო დამოკიდებულებაა, მაშინ როდესაც “ქართული ოცნება” აანონსებს მხოლოდდამხოლოდ საარჩევნო რეფორმას და ამ რეფორმასთან დაკავშირებით თვითონ არ აქვს შიგნით ერთიანი პოზიცია. ზუსტად იგივე სცენარი თამაშდება, რაც გათამაშდა 8 მარტის შეთანხმების მერე პროპორციულთან დაკავშირებით, როდესაც დაგვპირდნენ სრულად პროპორციულ სისტემას და მერე დიმიტრი ხუნდაძე აჯანყდა. ახლაც კახა კახიშვილი ამბობს, რომ ის არ დაუჭერს მხარს ამ ცვლილებას, რადგან მაჟორიტარების შემცირება არ არის სწორი.

მოდით ჯერ გავიგოთ, “ქართული ოცნება” რას აკეთებს, როგორ აპირებს ვითარების გამოსწორებას და მერე ვილაპარაკოთ ოპოზიციის გეგმებსა და ხედვებზე, რომელიც თანმიმდევრულია უკვე ორ წელზე მეტია”, – გვითხრა თამარ კორძაიამ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...