თამარ ხულორდავა: კეთილსინდისიერ ბიზნესს არ შეიძლება მოსწონდეს დაჩაგრული თანამშრომელი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა სოციალურ ქსელში განმარტებებს აკეთებს შრომის უფლებების ახალი რეგულაციების თემაზე შექმნილი აჟიოტაჟის გამო, რომელიც ამ დროისთვის დამუშავების პროცესშია და ჯერ პარლამენტში ინიცირებულიც კი არ არის.

“ქვეყანაში გვაქვს უდიდესი ჩამორჩენა შრომის უფლებების დაცვის კუთხით. 21-ე საუკუნეში ადამიანები არიან ექსპლოატირებული, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში სამუშაოს პოვნა რთულია და დასაქმებულები პრაქტიკულად ყველაფერს თანხმდებიან, ოღონდ სამსახური ჰქონდეთ, არაკეთილსინდისიერი ბიზნესი კი სამწუხაროდ სარგებლობს ამ მდგომარეობით.
ამ სფეროს რეგულირება საჭიროა ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ამავე დროს, პროექტის მიზანი არ არის არაგონივრული შეზღუდვების დაწესება. მისი მიზანია თანამედროვე, ცივილიზებული შრომითი ურთიერთობების დამკვიდრება, მოქალაქეების ექსპლუატაციისგან და იძულებითი შრომისგან დაცვა.
არ დარჩა საერთაშორისო ორგანიზაცია თუ პარტნიორი ვინც არ მიგვითითებს ამ მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორების აუცილებლობაზე. ასეთია სახალხო დამცველი, ევროსაბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ამერიკელი პარტნიორები. ამ თემას მწვავე ანგარიში და რეკომენდაციები ჰქონდა ცოტა ხნის წინ Human rights Watch-ს.
ეჭვგარეშეა, რომ შრომითი უფლებების აღსრულება, სამუშაო დრო, დისკრიმინაციის აღმოფხვრა, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობის განჭვრეტადობის, თანასწორი და სამართლიანი პირობების უზრუნველყოფა, დასაქმებულებთან კონსულტაცია და სხვა საკითხები მოწესრიგებას საჭიროებს.
სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა პარლამენტში ყველა დაინტერესებული მხარის – სახელმწიფო ინსტიტუტების, ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესასოციაციების ჩართულობით. ის რის ირგვლივაც ატყდა აჟიოტაჟი, არის არა კანონის პარლამენტში განსახილველი ვერსია, არამედ პირველადი ვერსია, რომელზეც გრძელდება მუშაობა.

არაა გასაკვირი, რომ ბიზნესი არ იწონებს რეგულაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს შრომითი ურთიერთობების რეგულირებას. ნებისმიერ ჩარევას აუცილებლად ექნება გავლენა ბიზნესზე, მაგრამ ეს იქნება ის მინიმალური ზეგავლენა, რაც აუცილებელია მოქალაქეების ღირსეული შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად.
ამავე დროს, კეთილსინდისიერ ბიზნესს არ შეიძლება მოსწონდეს დაჩაგრული თანამშრომელი. ამიტომ მე იმედი მაქვს, შეწყდება ამ კარგი პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა და შევძლებთ მივიღოთ სამართლიანი და დაბალანსებული კანონი.

მესმის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციების დაცვა გმირობას მოითხოვს, მაგრამ იმედი მაქვს ის ორგანიზაციები, რომელებსაც ჭეშმარიტად აღელვებთ საქართველოს უკეთესი მომავალი, ადამიანის უფლებები და ევროპული ინტეგრაცია ამ პროცესში შრომის უფლებების მხარეს დადგებიან” -წერს თამარ ხულორდავა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად