თამარ გაბუნია: საქართველოში კოვიდპანდემიის დღევანდელი მდგომარეობა ძალიან მძიმეა

“კოვიდპანდემიის დღევანდელი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც განსაკუთრებულ რისკებს აყენებს ისევ და ისევ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზოგადად, საზოგადოების სოციალური, ასევე ნებისმიერი სხვა პროცესების განვითარების კუთხით”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“შემთხვევების რაოდენობა უკვე აღემატება 1800-ს, ეს გარკვეულწილად არის ჯამური მაჩვენებელი, თუმცა მაინც მიუთითებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებით გააქტიურებაზე. გასული ორი-სამი დღის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიწია დამატებით საწოლების მობილიზება. რაც ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება. ამ შემთხვევაში მთავარი გამოსავალი ისევ და ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა. მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად დაძაბული საზოგადოებრივი ფონისა, ამ შემთხვევაში, ყველას ინტერესია, ვაქცინაციის პროგრამა შეფერხების გარეშე განხორციელდეს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1862 შემთხვევა გამოვლინდა, 11 ადამიანი გარდაიცვალა

კომენტარები
იტვირთება...