თამარ გაბუნია: პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ, როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ

პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ და ველოდებით, რომ როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ, რათა მაღალი რისკის, პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია დავიწყოთ, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.

“საქართველო არის „კოვაქსის“ ინიციატივის მონაწილე. ამ შემთხვევაში „კოვაქსის“ ინიციატივა ითვალისწინებს, რომ ქვეყანას ექნება ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის ვაქცინაზე. ჩვენ პირდაპირ მწარმოებლებთან არ გავდივართ დიალოგზე. „კოვაქსი“ ეს არის ჯანმო-ს და ვაქცინების გლობალური ალიანსის ინიციატივა, რაც გვეხმარება, რომ ხარისხიანი ვაქცინა მივიღოთ. პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ და ველოდებით, რომ როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ, რათა მაღალი რისკის, პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია დავიწყოთ.
ეს ითვალისწინებს ცივი ჯაჭვის მექანიზმის გაძლიერებას. მაგალითად, ფაიზერის ვაქცინას შენახვისთვის მინუს 60-80 გრადუსი სჭირდება, რაც რა თქმა უნდა, დამატებით ტექნოლოგიურ გადაწყვეტას საჭიროებს. დღეს ამაზე მიდის აქტიური მუშაობა. უკვე დაგეგმვა დაწყებულია და ვფიქრობთ, მომავალი წლის პირველი ორი თვე სრულად დაეთმობა ამ ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამართვას, რათა გაზაფხულისკენ, თუ ყველაფერი მშვიდობიანად და წარმატებით დასრულდა, ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს და მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაციის დაწყება შევძლოთ” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად