თამარ გაბუნია: ოჯახში, სადაც ბავშვია, მშობლები – ოჯახის წევრები ვაქცინირებულები უნდა იყვნენ

„ჩვენ დღეს საკმაოდ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ვართ. შეზღუდვები, რომლებიც გასული ორი-სამი თვის განმავლობაში იყო, ეტაპობრივად მოიხსნა და რა თქმა უნდა, მობილობის მატება განსაკუთრებით მკვეთრია ზაფხულის პერიოდში, თვისთავად დასრულდა შედეგით, რომ შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

“მთავარია, რომ რეგულაციები, რომლებიც დღეს მოქმედებს, უნდა აღსრულდეს. ჯარიმამ, როგორც სანქციამ, მაკონტროლებელმა მექანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავისი როლი შეასრულა. სანქციების გამკაცრება და ინდივიდუალურ დონეზე ამისი კონტროლი ძალიან რთულია. ამდენად, ჩვენთვის დღეს მთავარი გადაწყვეტა არის ვაქცინაციის სწრაფი ტემპი. მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, რომ ვაქცინაციის პროგრამა სრული ტემპით გაიშალოს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, მეოთხე ტალღის თავიდან აცილებისთვის ეს იქნება გამოსავალი. დღეს ქვეყანაში ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია. ქვეყანაში არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ოთხი ვაქცინა.

გამოსავალია ისევ და ისევ ვაქცინა და წესების კონტროლი. ახალი გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენ წინაშე დგას, არის პედიატრიული შემთხვევები და პედიატრიული შემთხვევების მართვისთვის კლინიკური ქსელი ემზადება, თუმცა ყველაზე გონივრული და კარგი გამოსავალი იქნება, რომ არ დავუშვათ პედიატრიული შემთხვევების ესკალაცია. ოჯახში, სადაც ბავშვია, მშობლები, ოჯახის წევრები ვაქცინირებულები უნდა იყვნენ და ამით დავიცვათ ბავშვები. ასევე უახლოეს პერიოდში, ორშაბათიდან ძალაში შევა რეგულაციები, რაც ბავშვების თავშეყრის შედარებით კონტროლს ითვალისწინებს.

ვაქცინაციასთან ერთად, ტესტირების პროგრამა ჩვენთის არის მთავარი დაცვა, რათა ინფიცირებული პირი სასწრაფოდ გამოვლინდეს. ვიდრე ვაქცინაციით მოცვის კრიტიკულ მაჩვენებელს არ მივაღწევთ, ფართო მასშტაბის ტესტირებები გაგრძელდება. ეს არის ძირითადი მექნიზმები, რაც საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ მეოთხე ტალღა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები
იტვირთება...