თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სამინისტროს ხედვაა, ონკოლოგიურ საავადმყოფოს შესაბამისი სტანდარტის ინფრასტრუქტურა ჰქონდეს

„ჩვენი სტრატეგიული ხედვაა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ონკოლოგიურ საავადმყოფოს ჰქონდეს შესაბამისი სტანდარტის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა. სახელმწიფოს ინტერესია, რომ შეიქმნას და ჩამოყალიბდეს სახელმწიფოს საკუთრებაში სანიმუშო კლინიკები, რაც იქნება სამაგალითო და შექმნის კონკურენტულ გარემოს სამედიცინო ბაზარზე. ჩვენი მიზანია, სახელმწიფო სექტორის გაძლიერება.“ – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმ ნაბიჯებზე, რომელიც იქნება ოპტიმალური სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს სერვისების გაუმჯობესება.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის ანაზღაურების საკითხს, როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ის დადგენილი ვადა, რომელიც ეკისრება სოციალური მომსახურების სააგენტოს კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არ დარღვეულა და თანხების გადარიცხვა ხორციელდება კანონით განსაზღვრული ვადების დაცვით.
„ონკოლოგიური საავადმყოფო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ხელშეკრულების ფარგლებში მუშაობს და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით აწვდის სერვისებს.

ის დადგენილი ვადა, რომელიც ეკისრება სოციალური მომსახურების სააგენტოს კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არ დარღვეულა. მათი დაფინანსება ხორციელდება კანონით განსაზღვრული ვადების დაცვით“.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო არცერთი სამედიცინო დაწესებულების მიკრომენეჯმენტში არ ერევა და მუშაობს იმ კუთხით, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კლინიკები შეინარჩუნოს და გააძლიერეოს.

„ქვეყანაში არის 300-მდე სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კლინიკები. სამინისტო არცერთი ამ დაწესებულების მიკრომენეჯმენტში არ ერევა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ონკოლოგიური საავადმყოფოს დატვირთვა არის დაბალი, უტილაზიცია 30%-ს არ აღემატება, აქ იკვეთება ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების განვითარების საჭიროება. სამინისტრო მუშაობს იმ კუთხით, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს და გააძლიეროს მის საკუთრებაში არსებული საავადმყოფოები“, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად