თამარ ჩუგოშვილი: ვინმე გრძნობს საერთოდ პასუხისმგებლობას?

“ერთი უბედურება შვილის დაკარგვაა, მერე კი საკუთარი ქვეყნის იმედი რომ არ გაქვს და გასაჭირში ჩავარდნისას იძულებული ხარ, სხვაგან ეძებო შველა”.

ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის აქციას აშშ-ის საელჩოსთან.

“მერამდენე საქმეა, სადაც დაგვიანებული რეაგირების, არაკომპეტენტურობის, შეცდომების და დარღვევების გამო ადამიანებმა სისტემის ყველანაირი ნდობა დაკარგეს.

გამომძიებლობა და პროკურორობა იარაღის ტარების უფლება და დანარჩენებზე ზემოდან ყურება არაა. ვინმე გრძნობს საერთოდ პასუხისმგებლობას?” – წერს თამარ ჩუგოშვილი.

ცნობისთვის, დღეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართეს, სადაც ელჩთან შეხვედრა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვა მოითხოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მას საელჩოში უთხრეს, რომ FBI-ის გამოძიებაში დახმარების თხოვნით ქართულმა მხარემ უნდა მიმართოს. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ თუ საქართველო ამას არ იზამს, ის შიმშილობას დაიწყებს.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად