თამარ ჩუგოშვილი უმრავლესობაზე: ნიშნის მოგებით და აგრესიით ნუ დაელაპარაკებიან საზოგადოებას, რადგან ისინი არ ელაპარაკებიან 200 “ნაციონალს”

“20 ივნისთან დაკავშირებით ჩემი რჩევა იქნებოდა ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომ ნიშნის მოგებით და აგრესიით ნუ დაელაპარაკებიან საზოგადოებას, რადგან ისინი არ ელაპარაკებიან 200 “ნაციონალს”.

ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი  პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საზოგადოებას საკმაოდ მტკივნეულად ახსოვს 20 ივნისს განვითარებული მოვლენები და ხელისუფლებას ნიშნის მოგებით სასაუბრო არ აქვს.

“20 ივნისზე ხელისუფლების მხრიდან ნიშნის მოგებით საუბარი არის შეცდომა, რადგან ნიშნის მოგებით სასაუბრო ხელისუფლებას არ აქვს. ერთია 20 ივნისის მოვლენების სიმძიმე და მეორეა- ჩადენილი დანაშაულები, გადაცდომები პოლიციის მხრიდან, რომელთა სათანადო გამოძიებაც უნდა მომხდარიყო და დაკისრებოდათ პასუხისმგებლობა, ჩვენ ეს ვერ ვიხილეთ. ამიტომ 20 ივნისთან დაკავშირებით ჩემი რჩევა იქნებოდა ჩემი ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომ ნიშნის მოგებით და აგრესიით ნუ დაელაპარაკებიან საზოგადოებას, რადგან ისინი არ ელაპარაკებიან 200 „ნაციონალს“, ამას ისმენს მთელი საზოგადოება, რომელსაც ჯერ კიდევ საკმაოდ მტკივნეულად ახსოვთ 20 ივნისის მოვლენები. პირიქით, სჯობს ვთქვათ, რომ ეს იყო ძალიან მძიმე და ტრაგიკული დღე, ადამიანების ჯანმრთელობა დაზიანდა ამ პროცესში და ჩვენ ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ ვისი დანაშაულიც იყო სამართლებრივად, მათ პასუხისმგებლობაზე ვიფიქროთ და იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან სამომავლოდ ასეთი პრობლემები,”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახენებთ: საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ ჟურნალისტებთან 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აქციაზე მხოლოდ პარტიული აქტივი იქნება.

„200 „ნაციონალის” შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით. გარკვეულ სოციალურ დისტანციას ალბათ, დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია, დავთვალოთ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად