თამარ ჩუგოშვილი: ტრამპი სულ რამდენიმე ქვეყნის ლიდერს შეხვდა და მათ შორისაა საქართველო

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრის აშშ-ში ვიზიტი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაპრეზიდენტების მერე სულ რამდენიმე ქვეყნის ლიდერს შეხვდა და მათ შორისაა ჩვენი ქვეყანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ამერიკის მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. გარდა იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენ გვაქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც ძალიან ნათლად გამოითქვა ამ შეხვედრებზე, ჩვენ ასევე გავააქტიურებთ ეკონომიკურ თანამშრომლობას ამერიკასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა და ზოგადად, მოქალაქეების ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს და შევძლოთ იმ პროგრესის შენარჩუნება, რაც გვაქვს და კიდევ უფრო წინ წავიწიოთ. ამიტომ, ამერიკის, როგორც მსოფლიო ლიდერის, მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. მოგვიანებით ტრამპმა twitter-ზე დაწერა: „დიდი პატივია გიორგი კვირიკაშვილის სტუმრობა თეთრ სახლში“.

იქამდე, 6 მაისს გამოქვეყნდა 2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის პროექტი, (კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი), რომელშიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი პირველად გაკეთდა. 2017 წლის ბიუჯეტის კანონი აშშ-ის კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, ხოლო დოკუმენტი ძალაში, აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად, 6 მაისს შევიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...