თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ძალიან მიხარია, რომ ეს შედეგი დადგა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში შესული ცვლილებები ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

„როგორც იქნა დასრულდა ერთწლიანი ძალიან რთული პროცესის შემდგომ. ძალიან მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს მიღებულია საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ არჩევნებს ჩვენ შევხვდებით ახალი საარჩევნო სისტემით. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი არ იღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას, პარლამენტში აღმოჩნდა საკმარისი ხმები, რათა ცვლილებები გასულიყო. მე ვაფასებ ამ ცვლილებებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის სამომავლო პოლიტიკურად დაბალანსებული, ნორმალური განვითარებისთვის და ძალიან მიხარია, რომ ეს შედეგი დადგა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა უნდა მიეღო.

„აუცილებლად მიმაჩნდა, რომ ოპოზიციას ამაში მონაწილეობა უნდა მიეღო. ჩემი აზრით, მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა, რომ ყოფილიყვნენ ყველა მოსმენაზე სხდომათა დარბაზში და ხმა მიეცათ. მათი არჩევანია, რომ არ იღებენ ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, თუმცა მთავარია, რომ ამან შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა“, –  განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.

წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა: ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. 117 ხმა 3-ის წინააღმდეგ – პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად