თამარ ჩუგოშვილი: საარჩევნო სისტემა არ არის ვიღაცის ახირება, ეს არის ქვეყნის მართვის ფორმა

“მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე დავრჩი ძალიან სერიოზულად იმედგაცრუებული ამ სხდომათა დარბაზში, ძალიან დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ ეს მეორედ არ განმეორდება”

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განიხილავისას განაცხადა და .განმარტა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო სისტემა არ არის ვიღაცის ახირება, ეს არის ქვეყნის მართვის ფორმა.

„ ერთი წლის წინ ეს დღე იყო ქვეყნისთვის ძალიან მძიმე, ეს ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ამ დღემ განაპირობა ძალიან მძიმე პროცესები. ზოგიერთი ადამიანისთვის ის იყო ტრაგიკული და დარჩება ასეთად მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. ამ დღის გამო ჩვენ ყველამ ერთად საზოგადოებას მივეცით პირობა, რომ შევცვლიდით ამ ქვეყნის მართვის ფორმას და საარჩევნო სისტემა არის ზუსტად ქვეყნის მართვის ფორმა. ამავე პარლამენტმა გასულ ნოემბერს, ეს ყველამ კარგად ვიცით, ხალხისთვის დადებული პირობა გატეხა. ის პირობა არ შეასრულა და ამით კიდევ უფრო დაამძიმა პროცესები, რომელშიც ქვეყანა არის და კიდევ უფრო დაამძიმა ძალიან ბევრი რამ ქვეყნის შიგნით და გარეთ. მეც და ჩემმა კოლეგებმაც რაც შეგვეძლო და რაც არ შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს დადებული სიტყვა შესრულებულიყო მეტნაკლებად და საზოგადოებას მიეღო ის, რასაც ის იმსახურებდა, უკეთესი მართვის სისტემა და შეცვლილი მართვის ფორმა, რასაც ის მოითხოვდა და რასაც დავპირდით ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე დავრჩი ძალიან სერიოზულად იმედგაცრუებული ამ სხდომათა დარბაზში, ძალიან დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ ეს მეორედ არ განმეორდება დღეს“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს განვითარებისა და პროგრესის დიდი პოტენციალი აქვს.

„ამ ქვეყანას აქვს პოტენციალი იმის, რომ განვითარდეს, წავიდეს წინ, განიცადოს პროგრესი, იყოს განვითარებული შემდგარი, სტაბილური სახელმწიფო, და ზუსტად ეს მართვის ფორმა უშლის ამ ქვეყანას ხელს იმაში რომ ასეთად იქცეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე დავასრულებთ დღეს და შემდგომ კვირებში, მეორე და მესამე მოსმენაზე, მანკიერ წრეს დავარღვევთ და შევცვლით მმართველობის ძალიან ცუდ ფორმას, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას წინსვლაში ხელს უშლიდა. ძალიან დიდი მადლობას გადავუხდი ამ ქვეყნის მეგობრებს, ქვეყნის პარტნიორებს, რომლებმაც იმაზე უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის სტაბილურ განვითარებაში, ვიდრე ამ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ. სამწუხაროდ, და მგონი რომ მათ უფრო დიდი წვლილი ჰქონდათ იმაში, რომ ქვეყანას მშვიდი განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს, ვიდრე სხვადასხვა პოლიტიკოსებს, სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ, იმედს ვიტოვებ, რომ არ განმეორდება ის, რაც 14 ნოემბერს მოხდა, სადაც იყო შეცდომა და დანაშაული ქვეყნის წინაშე. იმედია, მეორედ არ აღმოვჩნდებით ამ სიტუაციაში“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად