თამარ ჩუგოშვილი: რაც გუშინ კინოთეატრებთან ხდებოდა, ცდება ყოველგვარი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს

ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გუშინ და დღეს თბილისში, კინოთეატრებთან მიმდინარე პროცესები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

„ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება გვაქვს ყველას თანაბრად. ნებისმიერი ქმედება, რაც აღვივებს სიძულვილს, აჩენს აგრესიას გარკვეული ჯგუფების მიმართ, არის ყოვლად მიუღებელი. გუშინ რაც ხდებოდა, ეს არ იყო გამოხატვის თავისუფლება. ეს იყო აგრესია, ძალადობა, შეტევა პოლიციის ოფიცრებზე და იყვნენ კონკრეტული დაზარალებული ადამიანები. ამიტომ, ეს ცდება ყოველგვარი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. ამ ყველაფერმა შეიძინა დანაშაულის ნიშნები და ზოგ შემთხვევაში სამართალდარღვევის და ამაზე სამართლებრივი რეაგირება არის აუცილებელი“,- განაცხადა ვიცე სპიკერმა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, წარმოუდგენელი ხელოვნებასთან ბრძოლა იმის გამო, რომ ვინმეს არ მოსწონს გმირი ან სიუჟეტი.

მისივე თქმით, საზოგადოების უდიდეს ნაწილს ძალიან ჯანსაღი და სწორი რეაქცია აქვს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა, პროცესს, რომელიც ფილმის ჩვენებას მოჰყვა, თვალს ადევნებს ცილვილიზებული მსოფლიო და ეს ყველაფერი ქვეყანას ძალიან ცუდად წარმოაჩენს.

„ჩვენ იზოლირებულ საზოგადოებაში არ ვცხოვრობთ. მთელი მსოფლიო გვიყურებს და ეს ქვეყანას წარმოაჩენს ძალიან ცუდად. ცუდად წარმოაჩენს ჩვენს მისწრაფებებს და იმ ნარატივს, რაც ჩვენ გვაქვს, რომ ჩვენ ვართ ვროპული საზოგადოება, ვართ ცივილური, ევროპული, განვითარებული სამყაროს ნაწილი. ამიტომ, ეს ყველაფერი ცუდად ჩანს. მთავარია სახელმწიფომ თავისი როლი შეასრულოს. ძალიან მიხარია და მივესალმები რომ ფილმი გადის, მიხარია, რომ ფილმს აქვს საერთაშორისო წარმატება სხვადასხვა ფესტივალებზე და ფორმატებში“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია, პრემიერა საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა.

ჩვენების ჩაშლას გეგმავდნენ “ქართული მარშის” წარმომადგენლები, ასევე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც აცხადებდა:  გავწევთ პოლიციელებს, მაინც შევალთ კინოთეატრებში და ვთიშავთ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას.

საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო, ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ასევე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფილმ And then we danced-ის პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ყველა ადამიანს მოუწოდებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფილმის ჩვენების ხელის შეშლისგან.

თბილისის აქციების პარალელურად, ფილმმა “და ჩვენ ვიცეკვეთ” მორიგი აღიარება ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მოიპოვა. მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალ Listapad-ზე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანი კაცის საუკეთესო როლის ნომინაციის გამარჯვებული გახდა. ფილმის პრემიერა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

შსს-მ აქციაზე 27 ადამიანი დააკავა. ასევე, დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი. მას სავარაუდოდ, სახის არეში ქვა მოხდა. პრემიერიდან გამოსული მაყურებელი აქციის მონაწილეებმა შეძახილებით ”სირცხვილია” გააცილეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად