თამარ ჩუგოშვილი: პოლიტიკოსების ლანძღვას შედეგი არ მოაქვს, ვილაპარაკოთ რა სჭირს გამოძიებას და სასამართლოს

პოლიტიკოსების ლანძღვას შედეგი არ მოაქვს, ვილაპარაკოთ რა სჭირს გამოძიებას და სასამართლოს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი უნდა იყოს იმაზე, რაში მდგომარეობს ამ სიტუაციიდან გამოსავალი.

“მიუხედავად იმისა, რომ ვიღებთ კანონებს, ეს სისტემურ გაუმჯობესებად არ გარდაიქმნება. შეიძლება ვილაპარაკოთ ამაზე, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები არ გვივარგა და გამოძიებას არავინ ენდობა, მაგრამ უფრო სწორი იქნება იმაზე ვილაპარაკოთ რა ჭირს ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს – რა ჭირს გამოძიებას, პროკურატურას, სასამართლოს. შეიძლება მივიღოთ კარგი კანონები და ის მერე არ გადაითარგმნოს კონკრეტულ შედეგში.

ეს იმიტომ ხდება, რომ პოლიტიკური ნება არ არის, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც აკლია ამას. მე არ მაქვს განცდა, რომ სამართალდამცავი სისტემა ყველას თანასწორად მოგვექცევა, არადა ეს ასე უნდა იყოს. შეიძლება ხმამაღალი განცხადებბეი აკეთონ პოლიტიკოსებმა, ბევრი ილანძღონ და იგინონ, მაგრამ ამას შედეგი არ აქვს. სწორი იქნება თუ ყველა პარტია დაჯდება და სერიოზულად დაიწყებს საუბარს, რა არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი. ჩვენ ქვეყანას პრობლემა აქვს ის, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები არ მუშაობს. სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, გავლენიანი პირების და ჯგუფების გათვალისწინებით”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად