თამარ ჩუგოშვილი: გაზაფხულზე, შემოდგომაზე თუ მომავალ გაზაფხულზე, ახალ არჩევნებს უბრალოდ ვერ ავცდებით

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის ინიციატივა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ხელისუფლების მდგომარეობას დაამძიმებს, რადგან მათ მიმართ დასავლეთის მხარდამჭერი შეფასებები კრიტიკული შეფასებებით შეიცვლება.

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ისინი უფრო ოპოზიციას ეუბნებოდნენ, შედით პარლამენტშიო, ხელისუფლებას კი ნაკლებად ეუბნებოდნენ რაღაც ასეთს. ახლა ეს ისარი ხელისუფლებისკენ გადაიწევა და „ქართული ოცნება“ მდგომარეობას დაიმძიმებს. შიდა პოლიტიკურ კრიზისს დაემატება ის, რომ გარედანაც წამოვა კრიტიკული შეფასებები. პარტიების დაფინანსების და საეთერო დროის შეზღუდვა, აკრძალვა, ჩამორთმევა და ასეთი პროცესები არის ის, რაც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება მიღებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. კრიტიკა ამ კანონპროექტის ავტორების მიმართაც გაიზრდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სრულიად დარწმუნებულია, რომ ვენეციის კომისიიდან და ეუთო/ოდირიდან ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა ჩამოვა.

„კარგი დასკვნა ნამდვილად არ ჩამოვა. ჩემი აზრით, საკმაოდ კრიტიკული დასკვნა ჩამოვა. მე ასეთი მოლოდინი მაქვს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, თუ ქვეყანა დადგება იმ რეალობის წინაშე, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდება და პარლამენტს ოპოზიცია არ ეყოლება, ფაქტი იქნება, რომ ქვეყანაში ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო იქნება. მისივე შეფასებით, რეალურად ეს არ იქნება პარლამენტი და საქართველო ვადამდელ არჩევნებს ვერ ასცდება.

„ეს ადრე იქნება თუ გვიან, გაზაფხულზე, შემოდგომაზე თუ მომავალ გაზაფხულზე, ახალ არჩევნებს უბრალოდ ვერ ავცდებით, რადგან შეუძლებელია, ქვეყანა ერთპარტიული პარლამენტის პირობებში იმართოს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად