თამარ ჩუგოშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით ეკა ბესელიას პასუხობს

თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და ადასტურებს, რომ მოსამართლეების თემაზე ის და ბესელია ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ.

„ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან ვიყავით მე და ეკა ბესელია. ჩვენ ორივე სიის დამტკიცების წინააღმდეგი ვიყავით, თუმცა განსხვავებული არგუმენტებით. ეკა ფიქრობდა, რომ საბჭოს კანდიდატები კომიტეტთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა. მე ამას არ ვიზიარებდი და ვფიქრობდი, რომ მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის პროცესი ღია, გამჭვირვალე, ხანგრძლივი და რთული პროცესი უნდა ყოფილიყო, სადაც საზოგადოებას პროცესის ყველა წვრილმანი ეცოდინებოდა. ჩემი პოზიცია გასაგები და მისაღები იყო ბიძინა ივანიშვილისთვისაც და დღეს ჩვენ გავდივართ ურთულეს პროცესს, სადაც საზოგადოება ყველა დეტალს თვალს ადევნებს. რაც შეეხება დანარჩენს, დახურული შეხვედრის და ორი ადამიანის საუბრის საჯაროდ მოყოლა ჩემი საქმე არაა, თუ საჭიროდ ჩათვლიან თავად ისაუბრებენ. ჩემი პოზიცია რჩება უცვლელი, მოსამართლის უვადოდ დანიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, საზოგადოების და ჩემი ცხრა წლის შვილის წინაშე. ის, რომ 20 კანდიდატი გადის გასაუბრებას (პირველად ხდება ქვეყანაში მოსამართლეების ასეთი ღია პროცესით შერჩევა და მე ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია), არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ჩემს ხმას მიიღებს. კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მივიღებ ღია განხილვისას მათ შესახებ შექმნილი შთაბეჭდილების მიხედვით. ამ თემაზე და განსაკუთრებით ძველი შეხვედრების გარჩევაზე მეტ ლაპარაკს არ ვაპირებ. ჩემი პოზიცია ნათლად ვთქვი და ამით დავასრულე. სანამ პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი ერთმანეთის ლანძღვა-გინებითაა დაკავებული ვინმემ საქმეც უნდა აკეთოს და მე საქმის კეთებაში მირჩევნია დროის დახარჯვა“, – წერს თამარ ჩუგოშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ მთავარ არხზე, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც უმრავლსეობის წევრი თამრ ჩუგოშვილიც ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად