თამარ ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილი მთლიანად აცდენილია ხალხის დაკვეთას, მხოლოდ საკუთარ ახირებებზე ღელავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს აძლევს შანსს, რადგან თავად აბსოლუტური ძალაუფლებით მოსვლის შანსი არ აქვს. – ამის შესახებ “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალუ ქსელში წერს.

“ერთადერთი მიზეზი, რითიც სააკაშვილი მხარდაჭერას ინარჩუნებს ისაა, რომ დიდი გამარჯვება მის ანგარიშზეა.

ისაა გამარჯვების სიმბოლო.

ვადაგასული სიმბოლო.

მაგრამ, მაინც სიმბოლო.

“მიშას შეუძლია ბიძინას დამარცხება” – ეს ასულდგმულებს მის მხარდამჭერს, რომელსაც არა მიშას თაყვანისცემის, არამედ ბიძინას დამარცხების ჟინი ამოძრავებს არჩევნებიდან არჩევნებამდე.

მიშა ძალიან კარგად ხვდება, რომ დღეს ბიძინას დამარცხება ძალიან იოლია.

ძალიან იოლია, მაგრამ თვითონ არ ყოფნის.

თუ მხოლოდ თვითონ არ დაამარცხებს, მაშინ ძალაუფლების გაყოფა მოუწევს.

მას ძალაუფლების გაყოფა არ სურს.

მას სურს ან ერთი კაცის ბატონობა, თუ ეს კაცი თვითონაა!

ან – არაფერი!

ხვდება, რომ დღეს თუ ბიძინა დამარცხდა და კოალიციური მთავრობა მოვიდა, მისი მეჯიქი ქრება.

მითი, რომ მარტო მიშას შეუძლია ბიძინას დამარცხება – ქრება და მიშა მშრალზე რჩება.

მშრალზე იმიტომ, რომ მას არ უნდა ლიბერალურ დემოკრატიაში პოლიტიკოსობა.

სააკაშვილს სულთნობა უნდა.

სააკაშვილი მთლიანად აცდენილია ხალხის დაკვეთას.

სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ ახირებებზე ღელავს.

ამიტომ, ქართველი ხალხის დაკვეთის შესრულებაზე უარს ამბობს და მზადაა გარისკოს.

მისთვის გამარჯვება მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.

ის გოდოსავით ელოდება როდის დაჩაჩანაკდება საქართველო ივანიშვილის ხელში ისე, რომ “მიშა მიშა” იყვიროს.

სხვაგვარად – ივანიშვილის დამარცხება მისი გამარჯვება არაა.

უსაზღვროა მისი მოლოდინი.

არასოდეს არ ყოფილა ივანიშვილი მარცხთან ასე ახლოს.

საპროტესტო ელექტორატმა კარგად უნდა გაიგოს, რომ სააკაშვილი ივანიშვილს აძლევს შანსს, რადგან თავად აბსოლუტური ძალაუფლებით მოსვლის შანსი არ აქვს.

ჩვენი ამოცანაა ეს შანსი ორივეს წავართვათ” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად