თამარ ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილი დამოკლეს მახვილივით კიდია საქართველოს თავზე

ამის შესახებ სოციალურ ქსელში, “ტაბულას” დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს:

“სააკაშვილი დამოკლეს მახვილივით კიდია საქართველოს თავზე.

ჩემს პერსონალურ გრძნობებში არ არის საქმე – მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანისთვის იქნება პერსონალურად მძიმე მიშას სიკვდილი.

ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება კიდევ ერთი დევნილი პრეზიდენტის სიკვდილი.

მე მინდა მჯეროდეს, რომ ის ციხეში არ მოკვდება.

ოღონდ მე ასევე მჯეროდა, რომ ის ხანგრძლივად ციხეში წასვლისთვის მზად არ არის და არ ჩამოვიდოდა, მაგრამ შევცდი – ჩაჯდა არაჟნის ტრაილერში და ჩამოვიდა.

თუ ჩემი შეგრძნება მართალი იყო, მიშა გრძელვადიანი ციხისთვის მზად არაა და ურჩევნია მოკვდეს – მე არ ვიცი, მას როგორ უნდა დავეხმაროთ.

რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ მისი სიკვდილი ქვეყანას ძალიან მძიმე დაღად დარჩება და ამაში მართლები ვიქნებით – ივანიშვილის რეჟიმს ეს ქვეყანა არ ადარდებს, ივანიშვილის რეჟიმის და საქართველოს ეროვნული ინტერესები ხშირად ერთმანეთს გამორიცხავს.

ამიტომ ისევ სააკაშვილს თუ ვთხოვთ, რომ ქვეყანაზე იფიქროს – შიმშილობა შეწყვიტოს, ეს ქვეყანა მომავალი ტრავმებისგან დაიცვას და ცოცხალი იყოს.

და კიდევ ერთი:

ძალიან, ძალიან ცუდია რაც ახლა ნაცმოძრაობაში ხდება მიშას ინტერესებისთვის.

ძალიან ცუდია, როდესაც მიშას ხელქვეითები და მხარდამჭერები ერთმანეთს მიშას ერთგულებაში ეჯიბრებიან და ერთმანეთს ლანძღავენ, ეჭვიანობენ, აბრალებენ, რომ ვიღაცეები მიშასთვის სათანადოდ არ იბძრვიან და რაღაც მზა რეცეპტები არსებობს.

მიშას როლის არაადეკვატურმა შეფასებამ, ამ ავადმყოფურმა ეჭვიანობამ, უნდობლობამ, მიშას წონით საკუთარი თავის განდიდების და სხვისი განადგურების ჟინმა იმაზე მეტი დაააშავა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

მე არ ვიცი, სააკაშვილი რამ უფრო მეტად დააზიანა – ივანიშვილის რეჟიმმა, თუ საკუთარმა მხარდამჭერებმა, რომლებიც საკუთარ მნიშვნელობის რეალიზაციას სააკაშვილით ცდილობდნენ და ცდილობენ.

ვისაც ახლა, სააკაშვილისადმი გულგრილობა ბრალდება და ვისაც სააკაშვილის ღალატში ამხელენ, ეგ ხალხი ცოტა ხნის წინ ჩვენ გვამხელდა ღალატში.

მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ვისაც ყური აქვს, უნდა შეისმინოს, რომ ასეთი ურთიერთბრალდებები სააკაშვილისთვისაა პირველ რიგში ძალიან დამაზიანებელი და დააზიანა კიდეც.

ვისაც ყური აქვს, უნდა შეისმინოს, რომ სააკაშვილი ჯერ ადამიანია და მერეა ვიღაცის კერპი – მასაც ისევე შივდება, მასაც ისევე წყურდება, მასაც ისევე ეშინია, ისიც ისევე იბნევა, მასაც ისევე ეტირება, მასაც ისევე არ აქვს გამოსავალი, მასაც ისევე შეიძლება არ ჰქონდეს “გეგმა”, როგორც ნებისმიერ სხვა მოკვდავს.

მისი ადამიანური მხარის დავიწყებამ, მტკიცებამ, რომ “მიშა უშეცდომოა”, მტკიცებამ რომ “მიშა მხოლოდ გამარჯვებებისთვის დაიბადა” გამოიწვია ეს სიგიჟე და ვისაც დაავიწყდა, დროა გაიხსენოს, სანამ კიდევ ერთი ტრაგედია მომხდარა.“

კომენტარები
იტვირთება...