თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაცმოძრაობის“ აქცია მიხეილ სააკაშვილის მომავალ პრემიერად კორონაცია იყო

აქციაზე არ შეერთებას სხვა ბევრი მიზეზი ჰქონდა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ წერს.

თამარ ჩერგოლეიშვილი იაგო კაჭკაჭიშვილის პოსტზე ვრცლად პასუხობს, თუ რატომ არ მივიდნენ ისინი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე.

აქციაზე არ შეერთებას სხვა ბევრი მიზეზი ჰქონდა.
1. პასუხისმგებლობა – ჩვენ არ ვიცოდით მანდ რა მოხდებოდა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდით – კარგია, რომ მშვიდად ჩაიარა.

2. ჩვენ ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას იმ მიშისტური ბრბოს წინაშე რომელიც ახლა დაიწეყებს ლანძღვა-გინებას აქციის დაშლაზე – მიშას გათავისუფლების გარეშე (და ამას მიშა აყვება ისე, რომ თან იქით იყოს თან აქეთ).

3. რამდენიც უნდა ამტკიცონ რომ ეს აქცია პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე იყო – ეს იყო მიშას მომავალ პრემიერად კორონაცია და ყველა პოლიტიკური ლიდერი ვინც მივიდა, (ზოგი იმიტომ რომ მატარებელს შეხტომოდა, ზოგი გულწრფელად მიშასთან ხედავს მომავალს) მიშას როგორც პრემიერს ენდორსმენთი მისცა – ჩემთვის ეს მიუღებელია.

4. ნაციონალური მოძრაობის აქციაზე ბევრი ხალხი, კულმინაციის დროს გასაკვირი ნამდვილად არაა. აქციის ეფექტიანობა მისი ინტენსიურობით იზომება – მთავარი კი ისაა, რა გავლენას მოახდენს მეორე ტურებზე.
ჩვენ აქციები კი არა, არჩევნებში წარმატების ჩვენება გვინდა რომ სწორ გზას დავადგეთ”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქში”.

ცნობისთის, იაგო კაჭკაჭიშვილმა დაწერა:

“ოდნავ ვრცელი პოსტია, თუმცა სხვანაირად არ გამომივიდა.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ და მისმა დაპატიმრებამ (ჩემი აზრით, ასევე გათვლილმა თავად სააკაშვილის მიერ) განსაზღვრა ის, რაც გუშინ ვიხილეთ. ბევრი კრიტიკული მომენტი ყოფილა ქვეყანაში (ხალხის მობილიზების მცდელობებიც გვახსოვს), მაგრამ ამდენი ადამიანი ქუჩაში 2012 წლის მერე არ გვინახავს. სააკაშვილი მიხვდა, რომ ქართულ პოლიტიკაში მისი დისტანციური ჩარევის რესურსი ამოიწურა და ნაციონალურმა მოძრაობამ წრეზე დაიწყო ტრიალი. მისი ჩამოსვლით (რაც მის უთუო დაპატიმრებას ნიშნავდა), სააკაშვილმა შეიძინა ახალი – მსხვერპლის – როლი. ამან განაპირობა ის, რომ ადამიანებმა ყურადღება გადაიტანეს არა იმაზე, რაც მან გააფუჭა (და ასეთი არაერთია), არამედ იმაზე, რაც მან გააკეთა (ცხადია, იმათ არ ვგულისხმობ, რომლებსაც სააკაშვილის მიმართ ლამის ფიზიოლოგიური ზიზღი აქვთ). შეიცვალა სააკაშვილის „ეპოქის“ ხედვის ფოკუსი – სააკაშვილის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ნაწილმა მისი მმართველობის მედალს მეორე – პოზიტიური – მხრიდან(აც) დაუწყო ყურება.

ამის გაგრძელება მგონია გუშინდელი მიტინგის თანამშრომლობაზე ორიენტირებული რიტორიკაც: ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა (განსაკუთრებით, ნიკა მელიამ) გამოსვლებში ხაზი გაუსვეს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს ხელისუფლებაში ერთპიროვნულად მოსვლას. ამ განცხადებას თავისი ფონური ეფექტი აქვს და კიდევ უფრო „არბილებს“ საზღვრებს ნაცმოძრაობასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, განსაკუთრებული დაკვირვება მართებთ ე.წ. შუაშისტურ პატარა პარტიებს. ჩემი აზრით, ისინი უნდა აჰყვნენ ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას იმ ნაწილში, რომ ხელისუფლება მათი მონაწილეობის გარეშე არ შეიცვლება. თუმცა, ამავე დროს, ისაუბრონ იმ ღირსებებზე და განსხვავებებზე, რაც მათ ნაცმოძრაობასთან შედარებით გააჩნიათ (სხვათა შორის, სწორედ ამ კონტექსტში, სწორი გადაწყვეტილება მგონია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები არ შეუერთდნენ გუშინდელ მიტინგს). წინააღმდეგ შემთხვევაში, ძლივს გაჩენილ/შენარჩუნებულ და ოდნავ მოძლიერებულ „მესამე“ პარტიებს კიდევ უფრო მეტად ელით გაკოტრება, რადგან მოსალოდნელია, რომ გაძლიერებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მტვერსასრუტივით შეისრუტოს აქა-იქ მიმოფანტული და დაქუცმაცებული „შუაშისტები“. შესაძლებელია, ღირდეს ფიქრი ერთიანი ალტერნატიული პოლიტიკური ფრონტის შექმნაზეც”.

კომენტარები
იტვირთება...