თამარ ჩერგოლეიშვილი: “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს იმშობიარა

"უმნიშვნელოა რას იტყვის ნიკა მელია, ერთგვარად გასაგებია, ის ცდილობს რაღაცნაირად დააკნინოს მოწინააღმდეგე. არ მგონია მისთვის რჩევას რამე აზრი ჰქონდეს. ერთს ვურჩევდი, მოწინააღმდეგესთან ბრძოლა, მოწინააღმდეგის დაკნინებით არ გამოდის. შენ უნდა ამაღლდე, შენ უნდა შეძლო მეტი. ვნახოთ, რაშიც ჩემი და ნიკას ინტერესები ემთხვევა, თუ დარჩა ასეთი რამე, მე მას წარმატებას ვუსურვებ და სადაც ვერ ემთხვევა, ბუნებრივია ვერ ვუსურვებ", – ასეთი შეფასება მისცა "აიპრესთან" ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს გიგა ბოკერიას ფრთა არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას დაემსგავსება.

დღეს ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ აქვს, თუმცა გარკვეული კითხვები არის…

ეს ძალიან უცნაური აღიარებაა, იმიტომ რომ, ფლანგი რომელსაც ის წარმოადგენს, ამის მეტს არაფერს აკეთებს. ლაჩრობის გარდა ვერაფერს დავარქმევ იმას, რომ შენი ფლანგი მოღალატეს ყვიროდეს და შენ ამბობდე, უი უი მე არაფერ შუაში ვარო. მას ვურჩევ, პასუხისმგებლობის აღება ისწავლოს საკუთარ ფლანგზე.

ახალი გუნდი ფაქტობრივად, ცარიელი ხელებით იწყებს პოლიტიკაში მოსვლას, არ გაუჭირდებათ?

არა, რატომ? ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მე ვფიქრობ, რომ დღეს ყველა სისტემური გადატვირთვა ხდება: რევანშიზმის, ნეგატივის, წარსულის შეცდომების, უუნარობის, პიროვნების კულტის წარსულში დატოვება.

თავისუფალი, კომპეტენტური ღირებულებების ადამიანები იწყებენ მოძრაობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან რთული. მაგრამ, ადვილია მაწვნის ჭამა.

იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი წარმოადგენს ფართო საზოგადოების ინტერესებს და არ ჩაიკეტება ერთი ვიწრო ფენის მსახურებაში, იმ შემთხვევაში თუ ამ ხალხის რიტორიკა დაცლილი იქნება რევანშიზმისგან, იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანები აჩვენებენ, რომ წარსული სწორედ მათი სიმდიდრეა. ერთი ის, რომ მიიღეს გამოცდილება, მეორე ის რომ დაუშვეს შეცდომები, რომლის გააზრების და გაცნობიერების შესაძლებლობაც აქვთ, ვფიქრობ ამ გუნდს ძალიან დიდ პერსპექტივას უქმნის.

მე მიჩანია, რომ ეს იყო უალტერნატივო. “ნაციონალური მოძრაობა“ ან უნდა გარდაქმნილიყო, ან უნდა ემშობიარა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმშობიარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად