თამარ ბერუჩაშვილმა ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც 2015 წლის 13-14 მაისს თურქეთში, ანტალიაში გაიმართა.

მინისტრი დაესწრო ავღანეთში ნატო-ს ახალი მისიის – ,,მტკიცე მხარდაჭერა’’, ფარგლებში გამართულ შეხვედრას, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობდა. თამარ ბერუჩაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. საკუთარ გამოსვლაში მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში და გაუზიაროს ავღანეთს გამოცდილება წარმატებული ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებაში.

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილმა 20-მდე ორმხრივი შეხვედრა გამართა კოლეგა მინისტრებთან. მინისტრი შეხვდა დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის, მონტენეგროს, ავსტრალიის, იტალიის, კანადის, ჩეხეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალს გენერალ ჯონ კემპბელს.

ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს, ალიანსის არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში პარტნიორი სახელმწიფოების დახმარებას და ნატო-ს ვარშავის სამიტის მოსამზადებელ საკითხებს. მინისტრებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საშუალება ჰქონდა თავის ევროპელ კოლეგებთან ასევე ესაუბრა რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად