თამარ ბაჩალიაშვილის დედა დღეს ირაკლი შოთაძეს შეხვდება

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა დღეს გენერალურ პროკურორს შეხვდება.

თეონა თამაზაშვილი ირაკლი შოთაძეს პროკურორ მაია გოგორელიანის მხრიდან ზეწოლის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

თამაზაშვილის განცხადებით,  შსს-ში ყოფნის დროს, გოგორელიანი მას აბულინგებდა და აიძულებდა ეთქვა, როგორ მოხვდა ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის ხელში ფურცელი წარწერით, რომელიც შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდეს.

ამასთან, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, გამომძიებლები ოჯახს ადვოკატ მიხეილ რამიშვილის შესახებაც ეკითხება და აინტერესებთ, რატომ არის ის მათი ინტერესების დამცველი და რა ჰონორარს უხდიან ამაში.

“ჩამაცივდნენ, ბულინგი მოახდინეს ჩემზე, რომ გინდა თუ არა შენ მიეცი კაპანაძეს ის წერილი და მე რომ ჩამეთვალა საჭიროდ, მე ხომ თავის დროს ვიზამდი. თვითონ მოიპოვა კაცმა, ჩათვალა საჭიროდ და გაასაჯაროვა”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე,  პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურორის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

გარდაცვლილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება და  გამოძიებაში FBI-ს ჩართვას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად