თალაკვაძე ანწუხელიძის შვილებს: გპირდებით, თქვენი თაობა მშვიდობიან ქვეყანაში იცხოვრებს!

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა! გმირის, რომელმაც ისტორია შექმნა! გმირის, რომელიც თვისუფლებისმოყვარე, ამაყი და გაუტეხელი ახალი საქართველოს სიმბოლოდ იქცა! 24 წლის სერჟანტმა აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან და მისი გმირობა დარჩება ისტორიას! მინდა მივმართო გიორგის შვილებს, რომელთაც მამა არ ახსოვთ, თქვენი მამა გმირია! გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, თქვენმა თაობამ მშვიდობიან, დამოუკიდებელ და ბედნიერ ქვეყანაში იცხოვროს! დიდება გმირებს”, – წერს არჩილ თალკვაძე.

ცნობისთვის, გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა. ის ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის 9 აგვისტოს გიორგი ანწუხელიძე  ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა რუს ოკუპანტებს, აწამებდნენ და აიძულებდნენ ინფორმაცია გაეცა. ანწუხელიძე არ გატყდა. ის ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

2008 წლის ნოემბრამდე გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ცხინვალიდან 10 ქართველის ცხედარის გადმოასვენების შემდეგ გენეტიკური ექსპერტიზა ჩატარდა და დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...