თალაკვაძე: უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას.

მისი განმარტებით, ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის პოსტზე ყოფნის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაიხსნა.

“გენერალური პროკურორის პოზიციაზე ირაკლი შოთაძის საქმიანობის დროს არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გვახსოვს, რომელიც ეფექტურად და დროულად იქნა გამოძიებული – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, მკვლელობის შემთხვევები, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები, ნარკო და ტრეფიკინგის დანაშაულები. პროკურატურა, მისი ხელმძღვანელობით ეფექტურად ებრძოდა დანაშაულს.

მაშინაც, როდესაც ერთ-ერთ ურთულეს საქმეზე საზოგადოებას და დაზარალებულს მის მიმართ კითხვები ჰქონდათ, ირაკლი შოთაძემ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო და თანამდებობა დატოვა ნიშნად იმისა, რომ თანამდებობა და სტატუსები არ არის ყველაზე მთავარი.

მე არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტში განსახილველად სწორედ მისი კანდიდატურა იყოს ერთ-ერთი. ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად