თალაკვაძე: თენგიზ ცერცვაძესთან ერთად, საქართველოც დადგა მოწინავე სამედიცინო საზოგადოებების გვერდით

„თენგიზ ცერცვაძის სამოცდაათწლიან მოღვაწეობას და ცხოვრებას, რომელიც კიდევ ბევრი წელი უნდა გაგრძელდეს, დავარქმევდი, რომ მან შეუძლებელი გახადა შესაძლებელი და შესაძლებელი გახადა ხელმისაწვდომი ყველასათვის.“ 

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პროფესორ თენგიზ ცერცვაძის დაბადებიდან 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელს, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთ ინიციატორს საიუბილეო თარიღი მიულოცა და გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ მის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სიმბოლურია, რომ მაშინ, როდესაც აივ ინფექცია-შიდსი თავზარდამცემი პრობლემა იყო მსოფლიოსთვის და მოწინავე ეკონომიკებმა მას გამბედავი, თავდაჯერებული, პროგრესული მეცნიერება და სამედიცინო პროგრამები დაახვედრეს, ყველაზე განვითარებული ქვეყნების გვერდით საქართველოც დადგა, რაშიც დიდია თენგიზ ცერცვაძის დამსახურება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა თენგიზ ცერცვაძის დამსახურება და ღვაწლი ც ჰეპატიტის პროგრამის შექმნაში. მისი თქმით, თენგიზ ცერცვაძე იყო პირველი, რომელმაც დაასაბუთა და მხარი დაუჭირა ამ შეუძლებელი საქმის შესაძლებლობას.

„მე მის სამოცდაათწლიან მოღვაწეობას და ცხოვრებას, რომელიც კიდევ ბევრი წელი უნდა გაგრძელდეს, დავარქმევდი, რომ მან შეუძლებელი გახადა შესაძლებელი და შესაძლებელი გახადა ხელმისაწვდომი ყველასათვის. დღეს საქართველოს აქვს უნივერსალური ხელმისაწვდომობა აივ ინფექცია-შიდსის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, ისევე როგორც ც ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე. ეს არის მხოლოდ განვითარებული ქვეყნების წამყვანი ეკონომიკების და პროგრესული სახელმწიფოების პრივილეგია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საიუბილეო საღამოს, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...