არჩილ თალაკვაძე: შემოდგომაზე შედგება კონსულტაციები, როგორ მოხდება მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის დაკომპლქეტება

შემოდგომაზე შედგება კონსულტაციები, როგორ მოხდება მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის დაკომპლქეტება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

კითხვაზე, ვისთან შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ კოალიცია ჩამოაყალიბოს, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ „მმართველმა გუნდმა დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო და შეცვალა საარჩევნო მოდელი“. მისივე თქმით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე, სადაც ნულოვანი ბარიერია, მთავრობის დაკომპლექტება გამარჯვებულმა პარტიამ შესაძლოა, კოალიციური გაერთიანების გარეშეც მოახერხოს.

„ჩვენ გვაქვს კოალიციური მართვის გამოცდილებაც, გვაქვს მყარი უმრავლესობით მართვის გამოცდილებაც. რასაც გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენ პატივს ვცემთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. რაც შეეხება კოალიციას, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო დემოკრატიული გადაწყვეტილება, 2017-2018 წლებში, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ საკონსტიტუციო რეფორმა და ჩავდეთ ამ რეფორმაში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება და წელს უკვე საზოგადოების, განსაკუთრებით ახლაგაზრდების გულწრფელი მოთხოვნის შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით და 2024 წლიდან ეს არჩევნები გადმოვიტანეთ 2020 წელს. შესაბამისად, პროპორციული მოდელი ნულოვანი ბარიერით გულისხმობს თავისთავად იმის ალბათობას, რომ რომელიმე პარტია შესაძლოა მიიღებს საკმარის უმრავლესობას მთავრობის დასაკომპლექტებლად ან შესაძლოა საჭირო გახდეს პარტიებს შორის კოალიციური შეთანხმება. თუ, რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ კოალიციურ გაერთიანებაზე, ეს არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე.

შემოდგომაზე ცნობილი გახდება, თუ როგორ მოხდება ჩვენი საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება. ასევე ვმუშაობთ პოლიტიკურ პროგრამაზე, რომელიც იქნება ინოვაციური და ძალიან პოზიტიურ დღის წესრიგზე აგებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად