თალაკვაძე: სანამ ოკუპაცია გაგრძელდება, რუსეთის არც ერთი დეპუტატის ადგილი არაა საქართველოს პარლამენტში

“სანამ ოკუპაცია გაგრძელდება, რუსეთის დუმის არც ერთი დეპუტატის ადგილი არ არის და არ იქნება საქართველოს პარლამენტში. სანამ ოკუპაცია გრძელდება, არც ერთი კომპრომისი არ იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე. სანამ ოკუპაცია გრძელდება არც ერთი კომპრომისი არ იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესები ხარჯზე. იმაზე, რაც მოხდა ჩვენი რეაქცია იყო მყისიერი, პარტიის თავმჯდომარემ ძალიან პრინციპული, მყისიერი შეფასება გააკეთა და ჩვენი გუნდის ყველა ლიდერმა სათანადო შეფასება მისცა იმ პროვოკაციულ ჟესტს, რასაც ჰქონდა ადგილი. სამწუხაროდ, ვერ შევძელით ამ პროვოკაციურლი სცენარის თავიდან აცილება და მისი პროგნოზირება, თუმცა, ჩვენ ამის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობაც ავიღეთ და კონსტიტუციით ყველაზე მაღალი თანამდებობის პირმა, ჩვენმა თანაგუნდელმა ირაკლი კობახიძემ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, გუნდის პასუხისმგებლობა აიღო და დატოვა დაკავებული თანამდებობა”

ამ სიტყვებით მიმართა კენჭისყრამდე პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის წევრებს.

სიტყვით გამოსვლისას არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა საკუთარ გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის და შეაფასა 20 ივნისიდან მოყოლებული დღემდე განვითარებული მოვლენები.

“ჩემთვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა გავხდე საქართველოს პარლამენტის სპიკერი, თავმჯდომარე და ვუხელმძღვანელო ამ უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტის მუშაობას. საჯაროდ ვდებ პირობას, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ ადამიანებს, საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს პირუთვნელად, შედეგიანად და გონივრულად ვემსახურო, ამაში მაქვს თითოეული თქვენგანის მხარდაჭერის იმედი. დასანანია, რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოო შედეგად მოგვცა ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ახალგაზრდები და პოლიციელები არიან დაშავებულები. ჩვენი ფიქრი და ყურადღება დღეს პირველ რიგში სწორედ, ამ ადამიანებს ეკუთვნის. ყველაფერი კეთდება და პარლამენტი ზედმიწევნით ყურადღებით იქნება, რომ მომავალშიც გაკეთდეს ყველაფერი იმ ადამიანებისთვის, ვისი ჯანმრთელობაც დაზარალდა მიმდინარე მოვლენების ფონზე. ვინც ალბათ, გადაიხადა ყველაზე მეტი ფასი მიმდინარე მოვლენების გამო და იმის გამო, რომ ოპოზიციიდან ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი აღმოჩნდა აგრესიული დღის წესრიგის წინა რიგებში.

მინდა ასევე გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა თითოეული ამ ადამიანის, მათი ოჯახების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ამ მოვლენების შედეგად დაშავდნენ. გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა და პატივისცემა ჟურნალისტების მისამართით, რომლებიც ასევე დაშავდნენ მოვლენების გაშუქებისას, გამოვხატო პატივისცემა იმ პოლიციელების მიმართ, რომლებიც დაშავდნენ მოქალაქეების უსაფრთხოების და სახელმწიფო ინტერესების დაცვის მომენტში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით, გუნდმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე აიღო.

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის მისამართით განცხადება გააკეთა.

„ისინი ვალდებული იყვნენ კი არ მოეტყუებინათ საზოგადოება, რომ დღეს ვინმე აქ განიხილავს წყლის, ან ტყის რესურსების, ან რომელიმე სხვა საკითხს, ისინი ვალდებული იყვნენ დარჩენილიყვნენ დარბაზში და მონაწილეობა მიეღოთ ამ პოლიტიკურ დებატებში, სადაც ჩვენ ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებს, მაგრამ ოპოზიციის ამ ნაწილმა აირჩია გზა, რომელიც მათი დღის წესრიგის ნაწილია. ეს არის დესტრუქცია, გაცევა მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან და იგნორირება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობის და საქართველოს პარლამენტის. არჩევის შემდეგ მაქსიმალურად ვეცდები ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ პროცესები და მათ შორის, ოპოზიცია სრულად დაბრუნდეს სამუშაო რეჟიმში და ჩვენ საქმიანი, მომავალზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა ვაკეთოთ პარლამენტში”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...