თალაკვაძე საგანგებო მდგომარეობის ვადაზე: ვადის მითითება ყველასთვის არის უფრო მშვიდი სცენარი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მხარს უჭერს საგანგებო მდგომარეობის კონკრეტული ვადით გამოცხადებას.

როგორც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბუროს სხდომაზე განმარტა,  ვადის მითითება ყველასთვის არის უფრო მშვიდი სცენარი.

„პრემიერს დაუსვევს კითხვა, თუ რა ვადით ფიქრობს ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მან უპასუხა, როგორც პოლიტიკოსმა და მთავრობის ხელმძღვანელმა ამ კითხვას, მაგრამ თვითონ ეს თარიღი არის განსაზღვრული პრეზიდენტის მიერ მოწოდებულ კორესპონდენციაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე,  ეწინააღმდეგება თუ არა ვადის განსაზღვრა კონსტიტუციას, არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ არ ეწინააღმდეგება.

„ამას ადგენს პრაქტიკა. ყველა წინა შემთხვევაში და წინა ხელისუფლებების დროს პრაქტიკა იყო, რომ ხელისუფლება ვადით აცხადებდა საგანგებო მდგომარეობას. ახლა ჩვენ ვიმსჯელეთ, იყო თუ არა საჭირო ვადის განსაზღვრა და ამის უკან დგას ორი განსხვავებული ლოგიკური არგუმენტი. პირველი არგუმენტი არის ის, რომ ჩვენ გამოვაცხადოთ ვადით საგანგებო მდგომარეობა, რათა იყოს ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, კერძო სექტორისთვის და საჯარო სექტორისთვის პროგნოზირებადი, თუ რამდენ ხანში და რა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს ხელისუფლება. თუ საჭირო იქნება ამ ვადის გაგრძელება, კვლავ პარლამენტმა იმსჯელოს და მისცეს უფლება მთავრობას, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა. მეორე ლოგიკა იყო, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს უვადოდ და პარლამენტმა შემდეგ განიხილოს, თუ როდის იქნება საჭირო საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტა. როგორც ჩანს, კონსულტაციებით იყო შეჯერებული ის ვერსია, რომ შემოთავაზებული არის ვადა. მე, პირადად, ჩემი სუბიექტური აზრი თუ გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში პროგნოზირებადობის ფაქტორს თუ შევხედავთ, ვადის მითითება ყველასთვის არის უფრო მშვიდი სცენარი. თუმცა, გარკვევით ვამბობ, თუ საჭირო იქნება ამ ვადის გაგრძელება და მე ყველანაირად იმედს ვიტოვებ, რომ არ დაგჭირდება, თუმცა, რა თმა უნდა ამის ალბათობას ბოლომდე ვერ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამაზე იმსჯელებს და ვადის გაგრძელებაზე მთავრობას ექნება მომავალშიც მხარდაჭერა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად