თალაკვაძე სააკაშვილზე: თუ საჭირო გახდება სხვა ჩარევა, რომლის გაკეთების საშუალება პენიტენციურ სისტემას არ აქვს, გადაწყვეტილება ექიმებმა უნდა მიიღონ და არა პოლიტიკოსებმა

აქ გადაწყვეტილებები არის ექიმების მისაღები და არა პოლიტიკოსის, არც საპარლამენტო უმრავლესობიდან და არც ქუჩის ოპოზიციიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბრისას განაცხადა.

„არსებობს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, პროტოკოლი და სტანდარტი და ამ სტანდარტის თანახმად დღეს რაც სჭირდება მიხეილ სააკაშვილს, მიეწოდება. თუ ხვალ საჭირო გახდება რამე სხვა ჩარევა, რომლის გაკეთების საშუალება არ აქვს პენიტენციურ სისტემას, აქ გადაწყვეტილებები არის ექიმების მისაღები და არცერთი პოლიტიკოსის, არც საპარლამენტო უმრავლესობიდან და არც ქუჩის ოპოზიციიდან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

კომენტარები
იტვირთება...