თალაკვაძე “რედისონის” ინციდენტზე: წინა ხელისუფლების დროს ასეთი რამის გაკეთება იყო წარმოუდგენელი

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასტუმრო „რედისონში“ მომხდარი ფაქტი აჩვენებს, თუ როგორი მიდგომა აქვს დღევანდელ  ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვისა და პროტესტის გამოხატვის თვალსაზრისით.

„სიმბოლურია, რომ ეს აქციაც რეალურად აჩვენებს, თუ როგორი სტანდარტი და მიდგომა აქვს ჩვენს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ნახეთ, გამოხატვის თავისუფლება, თუ როგორ ხარისხში ყავს აყვანილი. ფაქტი ერთია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ჯგუფი და რეალურად „სირცხვილია“ არ მუშაობს,  ეს იყო კარგი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის უფლება და პროტესტი, შეკრება, მანიფესტაცია. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, რომ წინა ხელისუფლების დროს ასეთი რამის გაკეთება იყო წარმოუდგენელი, ადამიანებს აპატიმრებდნენ, კლავდნენ ციხეში, დევნიდნენ იმის გამო, რაც ახლა ნახეთ პირდაპირ ეთერში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თბილისში, სასტუმრო „რედისონთან“, სადაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღეს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სასტუმროსთან საპროტესტო შინაარსის ტრანსპარანტებით მოძრაობა „გაბედეს“ წევრები მივიდნენ. მათი განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს მორალური უფლება არ აქვთ, ადამიანის უფლებებზე ისაუბრონ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ასევე სასტუმროს ფოეში ტრანსპარანტებით მაშინ შევიდა, როცა ღონისძიებაზე მისული პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა. აქციის მონაწილეები დაცვამ ადგილს გაარიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად