თალაკვაძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის მივიღეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

 

მისი თქმით, გასულ წელს განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქართული დემოკრატიისთვის. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძემ 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ პოლიტიკური სტაბილურობისა და ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის, რაც ასე აკლდა ქართულ პოლიტიკას გასულ ათწლეულებში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას მან რუსეთის მხრიდან საქართველოს ისტორიული რეგიონების ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველო ყოველდღიურად უწევს  წინააღმდეგობას რუსეთის შეტევას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

„გვწამს, რომ რუსული ოკუპაცია მხოლოდ დროებითია. ჩვენი პასუხი არის მეტი დემოკრატია და წარმატებების მეტი კონსოლიდაცია. ჩვენი მიზანია,  ეს უთანასწორო ბრძოლა რუსეთთან, მშვიდობიანი, თუმცა, მტკიცე წინააღმდეგობის გაწევით, გამარჯვებით დავასრულოთ“, – მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს. აღნიშნული განცხადება ივანიშვილმა 24 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მმართველმა გუნდმა „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია პირველ ივლისს გამართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...