თალაკვაძე: პოლიტიკური პარტიის წევრობისთვის არავინ დაუკავებიათ, დააკავეს ალბათ იმისთვის, რომ კონკრეტულ დანაშაულში ედებათ ბრალი

“თუ ვინმე დააკავეს, დააკავეს არა იმისთვის, რომ ისინი პოლიტიკური აქტივისტები არიან,არა იმიტომ, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრები არიან,დააკავეს ალბათ იმისთვის, რომ მათ კონკრეტულ დანაშაულებში ედებათ ბრალი”.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისთვის ბრალის წაყენება და დაკავება, ხომ არ უკავშირდება და 2020 წლისთვის პოლიტიკური ველის მოსუფთავებას, არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება, არის საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს.

„არჩევნებისთვის მზადება არის დიალოგი ოპოზიციასთან, რომელიც მიმდინარეობს, პროექტები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და შეხვედრები, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან. ასევე ინვესტიციები, რომელსაც ჩვენ ვდებთ განათლებაში და რომელსაც ჩვენ ვდებთ რეფორმებში. აი, ეს არის 2020 და მომავალი განვითარებისთვის მზადება. გეტყვით, რომ თუ ვინმე დააკავეს, დააკავეს არა იმისთვის, რომ ისინი პოლიტიკური აქტივისტები არიან, არა იმიტომ, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, დააკავეს ალბათ იმისთვის, რომ მათ კონკრეტულ დანაშაულებში ედებათ ბრალი. თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, სასამართლოში მხარეთა უფლებები იქნება გარანტირებული და პარლამენტი მიადევნებს თვალს ყველა საქმეს, სადაც საჯარო ინტერესი არის მაღალი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...