თალაკვაძე: პარლამენტიც უერთდება ეპიდემიური კონტროლის ზომებს, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ინფექციის გავრცელების შეკავებას

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით,  საქართველომ გადადგა სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები და საქართველოს პარლამენტიც უერთდება ეპიდემიური კონტროლის ზომების გამკაცრებას. 

“მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ექიმებს, ექთნებსა და ეპიდემიოლოგებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, ვინც გაგებით მოეკიდა ეპიდემიური კონტროლისთვის შემოღებულ ზომებს. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ინფექციის გავრცელების შეკავებას, ვინაიდან საქართველო ევროპის მასშტაბით, ამ მომენტისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება. თუ შეადარებთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მიღებულ ზომებს და ქრონოლოგიას, საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ეფექტური ზომები მიიღო. პარლამენტიც უერთდება ეპიდემიური კონტროლის ზომებს. შემოსასვლელებსა და იმ ადგილებში, სადაც საზოგადოება იკრიბება, დამონტაჟებულია სპეციალური დისპენსერები სადეზინფექციო ხსნარებით. გარდა ამისა, პერიოდულად მოხდება ზედაპირების დამუშავება, რომელთანაც ადამიანებს აქვთ ხშირი შეხება,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად